ავტოსპორტი

1:31 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა მელბურნში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

„ფერარი“ თანდათან ტიტულის მთავარ პრეტენდენტად ყალიბდება. ჯერ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, მაგრამ იტალიური გუნდი სხვებისგან სტაბილურობითაც გამოირჩევა და მანქანის სისწრაფითაც. მესამე ეტაპზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, სწორედ მარანელოელთა შარლ ლეკლერმა მოიპოვა გამარჯვება და ჩემპიონატში უპირატესობა გაზარდა.

ხელი მოეცარა მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს, ვისი „რედ ბულიც“ ისევ მწყობრიდან გამოვიდა. და ისევე როგორც ბაჰრეინში, კვლავ საწვავის სისტემა დაზიანდა. თუმცა ამის მიუხედავად, ჰოლანდიელმა აღიარა, რომ ლეკლერთან ბრძოლის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდა.

ეს შანსი თავად ლეკლერმა ერთხელ მისცა, როდესაც ტრასიდან უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, პირველ მოსახვევში პრობლემა შეექმნა. მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდი იყო. მონაკოელმა, გარდა იმისა, რომ პოულიდან მოიგო, ბოლო წრეზე საუკეთესო დროც დააფიქსირა და ამისთვის 1 ბონუს ქულაც დაიმსახურა.

მეორე ადგილი სერხიო პერესმა დაიკავა, ვინც ფერსტაპენისგან ესტაფეტა მიიღო, თუმცა გამარჯვებულს 20 წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი ჯორჯ რასელმა დაიკავა, ვისთვისაც ეს სამეულში მეორე ფინიშია, ამ სეზონში კი - პირველი. მას თითქმის სამი წამით ჩამორჩა თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი, ვინც მეოთხე ადგილი დაიკავა.

„ფერარის“ ესპანელმა პილოტმა კარლოს საინსმა რბოლა სტარტიდან მალევე, ავარიით დაასრულა. მისი ბედი მალე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა გაიზიარა.

დაბოლოს, ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ სარბოლო უქმეების განმავლობაში, ავსტრალიის დიდ პრიზს ჯამში 420 000 მაყურებელი დაესწრო, რაც ავსტრალიაში ჩატარებული რბოლისთვის რეკორდია.

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი. დისტანცია 306.124 კმ (5.278 კმ, 58 წრე)

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:27:46.548 (209.254 კმ/სთ)
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 20.524
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 25.593
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 28.543
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 53.303
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 53.737
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'01.683
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'08.439
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'16.221
  10. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1'19.382
  11. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'21.695
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'28.598
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  18. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 20 წრე
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 36 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 57 წრე

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:20.260 (58-ე წრე, 236.740 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. შარლ ლეკლერი - 71 ქულა; 2. ჯორჯ რასელი - 37; 3. კარლოს საინსი - 33; 4. სერხიო პერესი - 30; 5. ლუის ჰამილტონი - 28; 6. მაქს ფერსტაპენი - 25; 7. ესტებან ოკონი - 20; 8. ლანდო ნორისი - 16; 9-10. კევინ მაგნუსენი და ვალტერი ბოტასი - 12; 11. დანიელ რიკარდო - 8; 12. პიერ გასლი - 6; 13. იუკი ცუნოდა - 4; 14. ფერნანდო ალონსო - 2; 15-16. გუანიუ ჟოუ და ალექს ელბონი - 1; 17-20. მიკ შუმახერი, ლანს სტროლი, ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) და ნიკოლას ლატიფი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. ფერარი - 104 ქულა; 2. მერსედესი - 65; 3. რედ ბული - 55; 4. მაკლარენ-მერსედესი - 24; 5. ალპინ-რენო - 22; 6. ალფა რომეო-ფერარი - 13; 7. ჰაას-ფერარი - 12; 8. ალფატაური-რედ ბული - 10; 9. უილიამს-მერსედესი - 1; 10. ასტონ მარტინ-მერსედესი - 0

0.253019