ფეხბურთი

10:28 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "კვარაცხელია ბუნდესლიგის დონისთვის მზადაა, ის რიბერის ჰგავს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გერმანულ გამოცემა Bild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად მიუნხენის „ბაიერნსა“ და ამ კლუბში მოთამაშე ფრანგ ფეხბურთელებზე საუბარს დაეთმო.

თუმცა, სანიოლმა ასევე თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მზად არის ბუნდესლიგაში სათამაშოდ, მაგალითად, „ლევერკუზენსა“ და „დორტმუნდში“, ხოლო საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე თანხმობა 5 წუთში განაცხადა.

- ერთი წელია, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხართ. რომელი ფეხბურთელი განვითარდა ისე კარგად, რომ მას ბუნდესლიგაში გაუწევდით რეკომენდაციას, თუნდაც მიუნხენის „ბაიერნში“?

- ჩვენს გუნდში ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაა. სტილის თვალსაზრისით ის ფრანკ რიბერის წააგავს, ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ყოველთვის რისკავს, არის სწრაფი, ტექნიკურად უაღრესად ძლიერი. ის ყაზანის „რუბინს“ დატოვებს და მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ითამაშოს თავის ახალ კლუბში, ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც მას დაეხმარება და გააგრძელებს ჩამოყალიბებას. კვარაცხელია ნამდვილად არის ბუნდესლიგის დონეზე. 21 წლის ასაკში შესაძლოა ჯერ არ იყოს „ბაიერნის“ დონეზე, მაგრამ ის მზადაა ბუნდესლიგის სხვა კლუბებისთვის, მაგალითად, როგორიცაა „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ ან „გლადბახი“.

- სანამ „ბაიერნში“ ასისტენტი და დროებით მწვრთნელი გახდებოდით, საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდით. უფრო მიმზიდველია ნაკრებში მუშაობა, ვიდრე კლუბში?

- არა, მე ყველაფრისთვის ღია ვარ. რამდენიმე კლუბთან მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ როცა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა, ხუთი წუთი ვისაუბრეთ და შემდეგ ვთქვი: „კარგი, ასე მოვიქცეთ“. როცა, ორი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ერთმანეთს ელაპარაკება, ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება.

- თითქმის 9 წელი იყავით „ბაიერნის“ მცველი და წამყვანი მოთამაშე. ახლა კლუბში არიან ფრანგი მცველები - პავარი, ლუკას ერნანდესი და უპამეკანო...

- ზოგჯერ კრიტიკა უსამართლოა. პავარი ძალიან სტაბილურია, იშვიათად არის მოედანზე საუკეთესო, მაგრამ თავის საქმეს ყოველთვის აკეთებს. ასეთი გულმოდგინე შრომისმოყვარე მოთამაშე მწვრთნელისთვის უაღრესად ღირებულია. ბევრი მისგან მეტსაც ელის და იქნებ, ეს შეძლოს კიდეც. ერნანდესის შემთხვევაში რა თქმა უნდა, მოლოდინი უფრო დიდი იყო, რადგან მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ მან თავიდან რამდენიმე ტრავმა მიიღო და ადაპტაციისთვისაც დრო დასჭირდა. ახლა უფრო უმატებს. ხასიათით ის ძალიან უხდება „ბაიერნს“, ერთგული და აგრესიული მცველია.

- უპამეკანოს კარგი დასაწყისის შემდეგ დროდადრო პრობლემები ჰქონდა...

- დაიოს დრო სჭირდება, „ბაიერნში“ კულტურა განსხვავებულია, ვიდრე „ლაიფციგში“. ყოველდღე უზარმაზარი კონკურენციაა, მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ. „ბაიერნს“ ძალიან შემტევი თამაშის მანერა აქვს და მცველი თუ შეცდომას უშვებს, ეს ჩანს. დარწმუნებული ვარ, უპამეკანო მალე უპრობლემოდ გახდება ძირითადის მოთამაშე.

- კორენტინ ტოლისო ზაფხულში კლუბს დატოვებს...

- ძალიან გული მწყდება, რომ ის მიდის. ტოლისო შესანიშნავად ერგება „ბაიერნს“, ბევრს მუშაობს გუნდისთვის, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ტრავმებმა მისი მიუნხენური კარიერა შეაფერხა.

- მეორე მხრივ, კინგსლი კომანი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქვს თუ არა მას ის, რაც საჭიროა მსოფლიო ვარსკვლავისთვის?

- კომანს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ნაკლოვანობები, ძალიან ცოტა გოლს იტანდა და ბოლო პასზეც პრობლემები ჰქონდა. თუმცა, ამ ბოლო დროს მშვენივრად მუშაობს. გერმანიაში ძნელია მსოფლიო ვარსკვლავი გახდე. ფეხბურთში ყველაფერი ინგლისსა და ესპანეთზეა ორიენტირებული. მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ოქროს ბურთი“ არ აქვს მოგებული. ის, რომ „რეალის“, „ბარსელონას“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ყოფილიყო, რამდენჯერმე მოიგებდა. კინგსლი „ბაიერნისა“ და ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. იმედი მაქვს, რომ სულ უფრო და უფრო ლიდერი გახდება ნაკრებშიც.

- 34 წლის ასაკში კარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია. რით გამოირჩევა ის?

- როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა ბენზემას მივეცი. ის ბევრ გოლს იტანს, მაგრამ ასევე ბევრ საგოლე პასს აკეთებს, რაც მას უნიკალურს ხდის და წარმოუდგენლად ელეგანტურად თამაშობს. კარიმს „რეალში“ დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილავდა „რონალდუ, მაგრამ მას შემდეგ, რაც წავიდა, ბენზემა აფეთქდა. ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. 34 წლის ასაკში ტოპ ფორმაში რომ არის, ამას ერთი მიზეზი აქვს: ის ზრუნავს თავის სხეულზე, ბევრს მუშაობს ფიტნესზე.

- ბენზემას პრობლემები ჰქონდა მოედნის გარეთ. რთული თანაგუნდელი იყო?

- აბსოლუტურად არა. „ბაიერნში“ ჩემს ყოფილ თანაგუნდელ შტეფან ეფენბერგს ასევე ჰქონდა რამდენიმე სკანდალი, მაგრამ მოედანზე ის საუკეთესო ლიდერი იყო, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია. შეცდომებს ყველა უშვებს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარიმი სუპერ ბიჭია, კეთილი და თავაზიანი.

- „ბაიერნის“ რომელი ფეხბურთელი გხიბლავთ პროფესიონალიზმით ყველაზე მეტად?

- იუზუა კიმიხი. როცა მე გუნდში ვიყავი, ყოველთვის კონცენტრირებული იყო, სრულყოფილი ფეხბურთელია. ნებისმიერ შემთხვევაში ის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების კაპიტანი გახდება, რადგან ლიდერის გენები აქვს.

0.152903