ავტოსპორტი

1:35 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ფორმულა 1-ში კიდევ 2-3 წელი დარჩება

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო კმაყოფილია ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, თავისი გამოსვლებით და იმედი აქვს, რომ დიდი პრიზების ცირკში, კიდევ ორი-სამი წლით დარჩება.

ალონსო ფ1-ში გასული სეზონის დასაწყისში დაბრუნდა. ის სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია „ალპინის“ გუნდში ასპარეზობს, რომელიც მანამდე „რენოს“ სახელით გამოდიოდა (ალპინი რენოს ჯგუფში შედის).

„აშკარაა, მე რომ 25 წლის ვიყო, მაშინ ეს საკითხი არც წამოიჭრებოდა. ასაკს მნიშვნელობა აქვს. გუნდს სურს, რომ ახალგაზრდა პილოტს გაუხსნას გზა. მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი პილოტის შესაძლებლობებია“, - ამბობს ალონსო, ვინც მოქმედ პილოტებს შორის, ყველაზე ხნიერია.

ესპანელმა პილოტმა გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. ფრანგ თანაგუნდელ ესტებან ოკონზე შვიდით მეტი ქულა დააგროვა.

„ვფიქრობ, გასულ სეზონში კარგად ვიასპარეზე. ჩემპიონატი ესტებანზე ოდნავ წინ დავასრულე. ვნახოთ, ამ სეზონში როგორი ბრძოლა გვექნება. მთავარი შედეგებია და არა ასაკი. მე ჯერაც სწრაფი და კონკურენტუნარიანი ვარ. ვგრძნობ, რომ ფორმულა 1-ში გამოსვლები კვლავ მსიამოვნებს. ამიტომ, გამოსვლებს ალბათ ორი-სამი წელი გავაგრძელებ“, - დასძენს ალონსო, ვინც ბაჰრეინში რბოლა მეცხრე ადგილზე დაასრულა, საუდის არაბეთში კი ფინიშს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119915