„ჰაასს“ ავსტრალიის დიდი პრიზისთვის სათადარიგო შასი არ აქვს. საუდის არაბეთში კვალიფიკაციაზე მომხდარი შეჯახებისას, მიკ შუმახერის მანქანა ძლიერ დაზიანდა და მისი შასი გამოსაცვლელი გახდა. როგორც გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, „ჰაასს“ მეორე სათადარიგო შასი არ აქვს.
ამერიკული გუნდი ამჟამად კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე იმყოფება. პირველ ორ რბოლაში, ამერიკულ გუნდს ქულები კევინ მაგნუსენმა დაუგროვა. რაც შეეხება შუმახერს, მას ჯედაში არ უასპარეზია, რადგან სამედიცინო შემოწმების გავლა დასჭირდა. თუმცა მელბურნში ის კვლავ ტრასაზე იქნება.
„ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სათადარიგო ნაწილები ნაკლებად. საბაჟო ფორმალობების გამო, ჩვენ იძულებული ვიყავით, დაზიანებული შასი აქ წამოგვეღო და შესაკეთებლად ევროპაში აქედან გაგვეგზავნა. ის უკვე გავგზავნეთ. მალე შეაკეთებენ და მომდევნო რბოლისთვის მივიღებთ“, - ამბობს შტაინერი.
ავსტრალიის ეტაპის შემდეგ ფორმულა 1-ის ქარავან ევროპაში დაბუნდება და რბოლას იტალიის იმოლაში, ემილია რომანიას დიდი პრიზისთვის გამართავს.
შასისგან განსხვავებით, შუმახერის მანქანაზე ძრავი მთელი გადარჩა და მელბურნში ის სწორედ მას გამოიყენებს. სამაგიეროდ, შეიცვალა ტრანსმისია. 23 წლის გერმანელი მელბურნში პირველად იასპარეზებს, რადგან გასულ სეზონში, კოვიდ-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ავსტრალიის დიდი პრიზი არ ჩატარდა.