ფეხბურთი

1:27 | 8.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრეების დღე ევროპა ლიგაზე და "რომას" მორიგი მარცხი "ბოდო გლიმტთან"
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური მატჩები შედგა.

ევროპა ლიგაზე ოთხი მატჩიდან სამი იდენტური ანგარიშით დასრულდა - 1:1. თავდაპირველად გერმანიაში „ლაიფციგი“ და „ატალანტა“ დაზავდნენ. ბერგამოელები იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ. ლონდონში „ვესტ ჰემი“ „ლიონთან“ მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში იყო, მაგრამ დაწინაურება მოახერხა და გამარჯვება შეეძლო. თუმცა, ტანგი ნდომბელემ გაათანაბრა და ყველაფერი „პარკ ოლიმპიკზე“ გაირკვევა.

„ბარსელონა“ ფრანკფურტში, „აინტრახტთან“ მარცხის გადაურჩა. გერმანელები კნაუფის ლამაზი გოლით იგებდნენ, რასაც ფერან ტორესმა უპასუხა და ისედაც ფავორიტი „ბარსელონა“ ახლა „კამპ ნოუზე“ უფრო გამოკვეთილი ფავორიტი იქნება. ევროპა ლიგაზე ერთადერთი მატჩი, რომელიც ფრედ არ დასრულდა, „ბრაგასა“ და „რეინჯერსს“ შორის გაიმართა. პორტუგალიელებმა შოტლანდიელებს 1:0 მოუგეს.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალშიც საინტერესო მატჩები გაიმართა. იტალიური „რომა“ მიმდინარე სეზონში „ბოდო გლიმტს“ მესამედ შეხვდა და ერთხელაც ვერ დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს გუნდმა ნორვეგიაში სამარცხვინო მარცხი განიცადა და 1:6 წააგო, მერე კი შინ არათუ რევანში ვერ აიღო, არამედ მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2). „ჯალოროსის“ ამჯერად მიეცა რევანშიც შანსი და პირველი ტაიმი ლორენცო პელეგრინის გოლით მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. ამრიგად, „ბოდო გლიმტმა“ „რომა“ ისევ დაამარცხა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა ყველაფერი.

უხვგოლიანი გამოდგა „ფეიენოორდისა“ და „სლავიას“ მატჩი - 3:3. სამაგიეროდ, უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს „ლესტერი“ და პსვ, ხოლო „მარსელმა“ შინ პაოკ-ს 2:1 კი აჯობა, მაგრამ საბერძნეთში რთული თამაში ელოდება.

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 14 აპრილს გაიმართება.

0.15362