გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და შესანიშნავ ფორმაშია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ესპანური მედიის ყურადღების ქვეშაა და ამჯერად მასზე ვრცელი სტატია გამოცემა eldesmarque-მ გამოაქვეყნა.
აღნიშნულ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მამარდაშვილის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი 20 მილიონი ევრო აშკარად დაბალი ფასია მისი თამაშიდან გამომდინარე.
„სეზონში, რომელშიც „ვალენსია“ სამეფო თასის ფინალში გავიდა, ჩემპიონატში კი არასტაბილურობა, ნაწილობრივ ტრავმების გამო აიძულებს ბორდალასს ტაქტიკურად სიახლეები გამოიგონოს. ამ თვალსაზრისით ალიკანტელი მწვრთნელისთვის აუცილებელია გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნა, როგორებიც სოლერი, გაია, გაბრიელ პაულისტა ან გედეში არიან, რადგან ისინი გუნდში კონკურენციას წარმოადგენენ. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში გუნდის კონკურენციას ამაღლებს, გიორგი მამარდაშვილია. ქართველმა მეკარემ მოულოდნელად სათამაშო დრო სეზონის სტარტზე მიიღო და დაამტკიცა, რომ აქვს შესაბამისი დონე „ვალენსიას“ კარის დასაცავად, რაც დასტურდება ბოლო მატჩებით, ზედიზედ 487 წუთი გაშვებული გოლის გარეშე.
ქართველმა კარის დარაჯმა „ვალენსიასთან“ დეკემბრის ბოლოს კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „ლოს ჩეს“ შეუძლია მამარდაშვილს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს. თუმცა, ახალგაზრდა მეკარის ბოლოდროინდელი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი ამჟამინდელი კონტრაქტის მომგებიანობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხაუმეს კონტრაქტის პუნქტში 50 მილიონი ევროა მითითებული და ის გუნდის მესამე მეკარეა, რაც მამარდაშვილზე 30 მილიონით მეტია.
„კადისთან“ ბოლო თამაში შესანიშნავი ილუსტრაციაა იმის, რომ ქართველი შესანიშნავ ფორმაშია. 39-ე წუთზე მან ალვარო ნეგრედოს თავური ლამაზი ნახტომით მოიგერია და მან თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.
მამარდაშვილი ზედიზედ 5 მატჩია გოლს არ უშვებს, საერთო ჯამში მას 487 წუთია გოლი არ გაუშვია. გარდა ამისა, ქართველმა ესპანეთში 15 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. სტატისტიკა, რომელიც ავლენს მის საიმედოობას. მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში იმაზე მეტყველებს, რომ 20 მილიონიანი პუნქტი ასეთი მაღალი ფასების სატრანსფერო ბაზრისთვის აშკარად შეუსაბამოა და ჩამოუვარდება“, - წერს გამოცემა.