ფეხბურთი

2:35 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაირონ მორენო: "სინდისი სუფთა მაქვს, იტალია-კორეის მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო"

ეკვადორელმა მსაჯმა ბაირონ მორენომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და 20 წლის შემდეგ პირველად ისაუბრა საჯაროდ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის შესახებ, რომელიც მან იტალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის იმსაჯა.

ბევრი ფიქრობს, რომ მაშინ მორენომ „სკუადრა აძურა“ ძალიან დაჩაგრა და მასპინძლებს გამარჯვებაში ყველანაირად დაეხმარა. თუმცა, ეკვადორელი არბიტრი, რომელიც მოგვიანებით ციხეშიც იყო, ფიქრობს, რომ ეს თამაში ძალიან მაღალ დონეზე იმსაჯა და კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიიჩნევს.

„ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ვიღებ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას იტალიელი გულშემატკივრებისგან. არ ვპასუხობ, ყველა თავისუფალია და შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა. სინდისი სუფთა მაქვს და მშვიდად ვარ.

ამ თამაშიდან ბევრი რამ მახსოვს. კოკოს პირველი წესის დარღვევა მეოთხე წუთზე, პანუჩის აკიდებული პენალტი, აშკარა ეპიზოდებია. შემდეგ კოკოს წარბის გახეთქვა, არა კორეელი მოთამაშის გამო, არამედ თანაგუნდელთან შეჯახებით. შემდეგ ფრანჩესკო ტოტის პირველი ყვითელი ბარათი.

ყველაზე მეტი კრიტიკა ტოტის გაძევების გამო შემხვდა. ვიდეოს თუ ვუყურებთ, კორეელი ფეხბურთელი ბურთს ეხება, ტოტი კი ძირს ეცემა და ცდილობს დარღვევის სიმულაცია მოახდინოს, რისთვისაც მეორედ გავაფრთხილე და გავაძევე. წესებში ეწერა ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის. მე პატივს ვცემდი წესებს, კადრები ყველაფერზე ნათლად მეტყველებენ. ტოტი არ აპროტესტებს, მხოლოდ ვიერი და დი ლივიო აპროტესტებდნენ. თუ ფეხბურთელი დამნაშავეა ეპიზოდში, მან ეს იცის და ტოტიმაც იცოდა, რომ მართალი არ იყო, ამიტომ არ აპროტესტებდა.

დღეს მშვიდად ვარ, რადგან მსაჯის გადაწყვეტილებებს თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ერთადერთი შეცდომა, რომელიც ამ თამაშში დავუშვი, 72-ე წუთზე იყო, როცა სუნ-ჰონ ჰვანი ჯანლუკა ძამბროტასთან უხეშობისთვის არ გავაძევე. ეს ერთადერთი მომენტია, რომელზეც ამ წლებში ვფიქრობდი. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, კორეელ ფეხბურთელს წითელ ბარათს ვუჩვენებდი. მაშინ ვარდნის სიძლიერე ჩემი გადმოსახედიდან შევაფასე, რაც განსხვავდება იმისგან, როცა მომენტს 8 კამერით უყურებ. მოედანზე ვერ მივხვდი, რომ ასეთი უხეში თამაში იყო. შემიძლია დარწმუნებული იყოთ, რომ მე იტალია-სამხრეთ კორეის მატჩში არცერთი გუნდის მხარე არ დამიჭერია, ეს თამაში ჩემს სამსაჯო კარიერაში საუკეთესოთა შორისაა და საკუთარ თავს ამ შეხვედრაში 8.5 ქულით შევაფასებდი“, - თქვა მორენომ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ნაკრები იტალიასთან 88-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში 117-ე წუთზე გატანილი ოქროს გოლით გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115052