ფეხბურთი

1:20 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯადოსნური ქარიმ ბენზემა!

წლების გასვლასთან ერთად ქარიმ ბენზემა კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ფრანგმა ფეხბურთელმა მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ შეასრულა ჰეთ-თრიქი და ახლა იგივე მეოთხედფინალში „ჩელსისთან“ გააკეთა, რითაც „რეალს“ ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა და რევანშსაც მიაახლოვა, რადგან გასულ სეზონში მადრიდელები ნახევარფინალში სწორედ ლონდონელებთან დამარცხდნენ.

ბენზემამ „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველივე ტაიმში ორჯერ გაიტანა ერთმანეთზე უკეთესი გოლები, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ედუარ მენდის საჩუქარი შეირგო. ინგლისელთა მხრიდან კაი ჰავერტცმა გაიტანა, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი საპასუხო მატჩის წინ ძალიან მძიმე ვითარებაშია - როგორია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორი ბურთით გქონდეს მოსაგები?

სხვათა შორის, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან ისტორიაში არასდროს დამარცხებულა. 1998 წელს „სამეფო კლუბმა“ „დორტმუნდი“, 2000 წელს „მანჩესტერი“, 2002 და 2014 წლებში კი „ბაიერნი“ დაამარცხა.

ბენზემა კი პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში 10 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მეორე მოთამაშეა, რომელმაც ინგლისურ გუნდთან პლეი-ოფში სტუმრად ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე იგივე მხოლოდ რონალდოს ჰქონდა გაკეთებული, როცა ბრაზილიელმა 2003 წელს „მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ 3-ჯერ დაამწუხრა. ისიც ვთქვათ, რომ ბენზემა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ 3 გოლი გაუტანა. მოკლედ, ეს ქარიმის ჯადოსნური საღამო იყო და „რეალი“ ახლოსაა ნახევარფინალთან.

იგივეს ვერ ვიტყვით „ბაიერნზე“, რომელიც „ვილიარეალთან“ გაცილებით გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ ესპანეთში 0:1 წააგო და მადლობელი უნდა იყოს, რომ უფრო დიდი სხვაობით არ დამარცხდა. ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე არნო დანჯუმამ გაიტანა და „ბაიერნმა“ 2017 წელის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგო გასვლითი თამაში. მიუნხენელთა დაუმარცხებელი სერია სათავეს 2017 წლის სექტემბრიდან იღებდა და 25 საგარეო მატჩს შეადგენდა. სხვათა შორის, მანამდე "ბაიერნს" პსჟ-სთან ჰქონდა გასვლაზე წაგებული და ფრანგულ გუნდს სწორედ უნაი ემერი წვრთნიდა.

„ვილიარეალმა“ მეორეც გაიტანა, თუმცა არ ჩაუთვალეს, ხოლო საგოლე მომენტები მრავლად შექმნა, მაგრამ სიზუსტე აკლდებოდა. მართალია, „ალიანს არენაზე“ „ბაიერნი“ ისევ აშკარა ფავორიტია, თუმცა, „ვილიარეალთან“ ხუმრობა რომ არ შეიძლება ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3 (1:2)

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (3-5-2): მენდი; კრისტენსენი (კოვაჩიჩი 46), ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ჯეიმსი, კანტე (ზიეში 46), ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი 64), მაუნტი, ასპილიკუეტა; ჰავერტცი, პულიშიჩი (ლუკაკუ 64)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო (ნაჩო 64), ალაბა, მენდი; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კამავინგა 74); ვალვერდე (სებალიოსი 86), ბენზემა (ბეილი 86), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 ბენზემა (24), 1:2 ჰავერტცი (40), 1:3 ბენზემა (46)

გაფრთხილება: რიუდიგერი (19) - მილიტაო (14)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 8 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

„ვილიარეალი“ – „ბაიერნი“ 1:0 (1:0)

ვილიარეალი, „ელ მადრიგალი“

„ვილიარეალი“ (4-3-3): რული; ფოიტი (ორიე 81), ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი; კოკელინი (პედრასა 59); მორენო, დანჯუმა (ჩუკვუეზე 81), ლო ჩელსო

მწვრთნელი: უნაი ემერი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი (ზულე 71), უპამეკანო, ერნანდესი, დევისი; კიმიხი, მუსიალა; კომანი, მიულერი (გორეტცკა 62, როკა 90), გნაბრი (ზანე 62); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლი: 1:0 დანჯუმა (8)

გაფრთხილება: ესტუპინიანი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 21 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.257223