ფეხბურთი

0:34 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ბერიძე: "რას მიიღებს "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერიდან, ეს მამუკა ჯუღელს უნდა ჰკითხოთ"

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ რუსულ გამოცემა Championat-ს ინტერვიუ მისცა, რომლის მთავარი სასაუბრო თემა ხვიჩა კვარაცხელია იყო. თუმცა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

როგორც ბერიძემ აღნიშნა, „რუბინთან“ მოლაპარაკებები კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა აწარმოა და შეკითხვა, რას მიიღებს „რუბინი“ ხვიჩას შემდგომი ტრანსფერიდან, მას უნდა დაუსვან.

- კვარაცხელია „დინამო ბათუმში“ მამუკა ჯუღელთან თქვენი მეგობრობის წყალობით მოხვდა?

- სხვადასხვა გარემოებამ ითამაშა როლი. ფეხბურთელსაც ჩვენთან სურდა თამაში.

- რა რეაქცია ჰქონდა „რუბინის“ გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს?

- არ ვიცი ეს დეტალები, ყველაფერი აგენტის მეშვეობით გაკეთდა.

- ბევრი საუბარია იმაზე, რომ „დინამო ბათუმი“ ხვიჩასთვის „არსენალში“ ან „ნაპოლიში“ გადასვლის პლაცდარმი იქნება...

- დღეს კვარაცხელია დინამოელია. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ აქ თავი სრულად წარმოაჩინოს.

- ანუ, ცდილობთ მის შენარჩუნებას?

- რა თქმა უნდა, თუმცა, გვესმის, რომ ეს ადვილი არ არის.

- ვინ აძლევს მას ხელფასს?

- სრულად ჩვენი კლუბი.

- საზღვარგარეთ გაყიდვის შემთხვევაში რას მიიღებს „რუბინი“?

- ეს შეკითხვა მამუკას უნდა დაუსვათ.

- ზურიკო დავითაშვილიც მალე გახდება თქვენი გუნდის ფეხბურთელი?

- დიდი იმედი მაქვს.

- რატომ აღარ თამაშობს ჯანო ანანიძე?

- თურქულ შეკრებაზე კოვიდი ჰქონდა, შემდეგ ვირუსის ნარჩენი ეფექტები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

- კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ თქვენი გუნდის სატრანსფერო ღირებულებამ 24 მილიონ ევროს გადააჭარბა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსული კლუბები, კიევის „დინამო“ და „შახტარია“ უფრო ძვირი. გეამაყებათ?

- საქმე არ ეხება სიამაყეს, არამედ იმას, რომ ეს ჩვენი ამბიციების მაჩვენებელია. გვინდა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ, ევროპა ლიგაზე მაინც.

- რამდენია თქვენი კლუბის ბიუჯეტი დღეს?

- ეს კლუბის საიდუმლოა.

- ქართული ბიზნესის მხრიდან ფეხბურთში ფულის დახარჯვის სურვილი არ არსებობს?

- ბათუმი გამონაკლისი შემთხვევაა. თქვენ ნახეთ რა ხდება სტადიონზე!

- თქვენი რამდენიმე ინტერვიუ წავიკითხე, როგორც ჩანს, ფეხბურთში ძალიან კარგად ერკვევით...

- ფეხბურთში ახალი სახე არ ვარ. მე თვითონ 16 წლამდე ვთამაშობდი, შემდეგ ჩვენი სამშენებლო კომპანია მრავალი წლის განმავლობაში კლუბს აფინანსებდა. ფეხბურთით ვცხოვრობ. საკუთარ თავს პროფესიონალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ვცდილობ ნიუანსებს ჩავუღრმავდე. არაერთხელ მიმოგზაურია ევროპაში საჭირო გამოცდილების მისაღებად. თითქმის 35 წელია „მილანის“ გულშემატკივარი ვარ, ამიტომ ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. შოკში ჩავვარდი „აიაქსისა“ და „ატლეტიკოს“ ინფრასტრუქტურითაც. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მათგან.

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტადიონი და ბაზა გაქვთ?

- სრულფასოვანი აკადემია გვჭირდება, აუცილებელია საფეხბურთო ვერტიკალის აშენება.

- საქართველოში ფეხბურთი ცოცხალია?

- უთოდ და ვითარდება.

0.117182