ჩოგბურთი

21:54 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასს გამარჯვება ესპანეთის მეფე ფილიპმა მიულოცა

ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარასი, თავის კარიერაში უდიდეს გამარჯვებას, რომელიც მაიამის ღია პირველობაზე მოიპოვა, შედარებით მშვიდად შეხვდა. მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ნერვები ვერ მოთოკა, როდესაც ტელეფონით ესპანეთის მეფე ფილიპის მილოცვას მოუსმინა.

ალკარასმა ტურნირის ფინალში, 7-5, 6-4 მოუგო ნორვეგიელ კასპერ რუუდს და კარიერაში პირველად გახდა ATP მასტერს 1000-ის ტურნირის ჩემპიონი. მისი გამარჯვება იმითაც არის საყურადღებო, რომ მანამდე ამ ტურნირის ფინალში, რვა ესპანელი ჩოგბურთელი დამარცხდა, მათ შორის, რაფაელ ნადალი.

„განსაცვიფრებელია, როდესაც ესპანეთის მეფე გირეკავს. ამაზე გაცილებით მეტი ვინერვიულე, ვიდრე ფინალური შეხვედრის დროს. საოცარი შეგრძნება გეუფლება, როდესაც ესპანეთის მეფე გილოცავს და გამარჯვებას გიფასებს“, - ამბობს 18 წლის ჩოგბურთელი.

მიამიში გამარჯვება, ალკარასისთვის მესამეა ATP-ს ტურზე. მან შარშან ივლისში მოიგო უმაგის, გასულ თებერვალში კი რიოს ტურნირები. ახალ რეიტინგში მან კარიერაში უმაღლეს, მე-11 ადგილს მიაღწია. საფრანგეთის ღია პირველობის წინ კი, ათეულში შეღწევის რეალური შანსი ექნება.

0.113688