„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი მხოლოდ დაცვაში არ თამაშობს და შეტევა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.
„მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ატლეტიკო“ არის გუნდი, რომელიც მხოლოდ დაცვაში თამაშობს. დიახ, ფორვარდები უკან იხევენ, მაგრამ ისინი შეტევისთვის ნებისმიერ მომენტში მზად არიან.
იმისთვის, რომ მათ საკუთარ სტილში თამაშის შესაძლებლობა წავართვათ, აუცილებელია მატჩის დასაწყისშივე „დავახრჩოთ“ და შემდეგ შეგვეძლება თამაშის ჩვენი პირობები ვუკარნახოთ. ჩვენს წინააღმდეგ ღია დაცვით თითქმის არავინ თამაშობს, ამიტომ, ვიცით როგორ გავარღვიოთ მჭიდრო დაცვა“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 5 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.