ფეხბურთი

1:38 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "იუვეს" ტურინში 2012 წლის შემდეგ პირველად მოუგო და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დარჩა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია (12 მოგება, 4 ფრე) შეწყვიტა და ეს „დიდ იტალიურ დერბიში“ მოხდა. 2 წლის შემდეგ პირველად ბოლომდე შეივსო „ალიანც სთედიუმი“, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თავის ქომაგებს იმედი გაუცრუა, რადგან დაუძინებელ მტერთან 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო შინ და თან სკუდეტოსთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. ამიერიდან, სკუდეტოზე ვერცერთი „იუვენტინო“ ვერ იფიქრებს. უფრო მეტი საფიქრალი მეოთხე ადგილს უკავშირდება, რადგან შესანიშნავ ფორმაში მყოფი „რომა“ მხოლოდ 5 ქულითაა უკან და გამორიცხული არაფერია.

„იუვენტუსი“ „ინტერთან“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში, ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა, ჯერ ჯორჯო კიელინიმ მოახერხა და ლამის კარის ხაზიდან ვერ გაიტანა, მერე დენის ზაკარიას გარღვევა არ დაგვირგვინდა გოლით. იყო სხვა უამრავი რეალური მომენტიც. „ინტერმა“ კი კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა. ეს პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გააკეთა, რომელმაც ვოიცეხ შჩესნის პენალტი მეორე ცდაზე გაუტანა. მეორე ცდაზე იმიტომ, რომ პირველი პოლონელმა მოიგერია, მაგრამ მსაჯმა პენალტი გაამეორებინა, რადგან მატაის დე ლიხტი დარტყმამდე ადრე აღმოჩნდა საჯარიმოში.

„იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ როგორც ვთქვით, უკვე ძალიან ახლოსაა „რომა“, რომელმაც გენუის „სამპდორიას“ ჰენრიხ მხითარიანის ერთადერთი გოლით მოუგო და ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში რჩება. „ინტერმა“ კი ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით საჩემპიონო ამბიცია შეინარჩუნა და „მილანი“-„ნაპოლის“ დუეტს კვალში უდგას. ასე რომ, დარჩენილ 7 ტურში ბევრი საინტერესოა მოსალოდნელი.

„ნაპოლი“ მინიმუმ ერთი დღით სერია A-ს თანალიდერი იქნება, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ 3:1 მოუგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სკუდეტოზე რეალურ პრეტენზიას აცხადებს. 31-ე ტური ორშაბათს, „მილანისა“ და „ბოლონიას“ მატჩით დასრულდება. „როსონერისთვის“ ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „ნაპოლისაც“ 66 ქულა აქვს, ხოლო „ინტერიც“ ძალიან შორს არაა - 3 ქულაა სხვაობა.

„ფიორენტინა“ – „ემპოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გონსალესი (58)

„უდინეზე“ – „კალიარი“ 5:1 (2:1)

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (32), 1:1 ბეკაო (38), 2:1 ბეტო (45), 3:1 ბეტო (49), 4:1 მოლინა (59), 5:1 ბეტო (73)

„ატალანტა“ – „ნაპოლი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ინსინიე (14), 0:2 პოლიტანო (37), 1:2 დე რუნი (58), 1:3 ელმასი (81)

„სამპდორია“ – „რომა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მხითარიანი (27)

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩალჰანოღლუ (45, პენ)

0.171396