ფეხბურთი

22:42 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის მორიგი მშრალი მატჩი "ვალენსიაში" და 477-წუთიანი სერია აქვს! (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსია“ შინ „კადისს“ დაუზავდა (0:0), მთავარი ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და გოლი ისევ არ გაუშვა.

21 წლის ქართველმა მეკარემ ზედიზედ მეხუთედ შეძლო „ვალენსიას“ კარის მშრალად დაცვა, უფრო კონკრეტულად კი 477 წუთს შეადგენს მისი მშრალი სერია, რომელიც სათავეს „ბარსელონასთან“ მატჩის 63-ე წუთიდან იღებს.

გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ 3 სეივით დაასრულა თამაში. უნდა გამოვყოთ მე-40 წუთზე ალვარო ნეგრედოსთვის მოგებული დუელი, როცა გამოცდილი ესპანელის დარტყმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ მას 7.3 ქულა დაუწერა და თანაგუნდელთა შორის მხოლოდ გაბრიელ პაულისტას ჩამორჩა (7.4), ხოლო Whoscored-მა 7.1 ქულით შეაფასა, ლა ლიგის ვერსიით კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მე-15 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად რვაჯერ აქვს შენახული, რაც შესანიშნავი შედეგია. მაგალითისთვის, იასპერ სილესენმა ასევე 15 თამაშში გოლი მხოლოდ სამჯერ არ გაუშვა. სხვათა შორის, გავიხსენოთ ალბანეთთან მატჩიც, რომელშიც გიორგიმ გოლი ასევე არ გაუშვა და ამ შემთხვევაში მშრალი მატჩების რაოდენობა 6 გამოვა.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ 30 ტურში 41 ქულა და მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.

0.124371