ძიუდო

20:18 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილის ოქროს მედალი ანტალიის გრანდ სლემზე
საქართველოს ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იპონით იმარჯვა და ტურნირი საქართველოს ჰიმნითა და გუნდური პირველი ადგილით დახურა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი, სლოვაკი მარიუს ფიცელი, კუბელი ენდი გრანდა და ფრანგი იოზეპ ტერესი დაამარცხა. გურამის მეტოქე ფინალში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი გახლდათ, რომელსაც გურამმა იპონით მოუგო, არადა, მანამდე ვაზარით მარცხდებოდა. თუშიშვილის გამარჯვებამ საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გაიყვანა, რადგან ოქროს მედლით საფრანგეთის უკან მოტოვება გახდა შესაძლებელი.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ თურქი ომერ აიდინი, ყაზახი იერსულტან მუზაპაროვი, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაამარცხა. ფინალში ლუკას მეტოქე კუბელი ივან სილვა მორალესი იყო, რომელთანაც დამატებით დროში ოქროს ქულით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ედნთან დამარცხდა.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ტომას ბრისენო და კარლ-რიხარდ ფრაი დაამარცხა, მაგრამ პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან მეოთხედფინალში ვერაფერს გახდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა იქ პირველივე შეხვედრა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან დათმო და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა ბრაზილიელ უილიამ სოუზას მოუგო, მაგრამ მერე კანადელ შადი ელჰასანთან დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ წონაში ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გავიდა, თუმცა ჟორჟე ფონსეკასთან მარცხი განიცადა.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პოლონელ კინგა ვოლშაკს მოუგო, მაგრამ ფრანგ ლეა ფონტენთან დამარცხდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემზე ოთხი მედალი მოიპოვა: გიორგი ტერაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ოქრო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა და ლუკა მაისურაძემ - ვერცხლი. როგორც ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

0.137023