ჩოგბურთი

17:12 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის ღიას ტიტულისთვის ალკარასი და რუუდი იბრძოლებენ

მაიამის ღია პირველობის მამაკაცთა ბადის ფინალში, ესპანელი კარლოს ალკარასი და ნორვეგიელი კასპერ რუუდი შეხვდებიან. ალკარასმა ფინალში გასასვლელად, მოქმედი ჩემპიონი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი 7-6(5), 7-6(2) დაამარცხა, რუუდმა კი იოლად, 6-4, 6-1 არგენტინელ ფრანცისკო ჩერუნდოლოს მოუგო.

ალკარასის და ჰურკაჩის შეხვედრა ძალნ დაძაბული გამოდგა, რითაც ჰარდ როკ სტედიუმზე მისულმა მაყურებელმა დიდად ისიამოვნა. ესპანელ თინეიჯერს მოსაგებად ორი სეტი ეყო, მაგრამ ორივეში უპირატესობა ტაიბრეიკზე მოიპოვა. ალკარასს შანსი აქვს, გახდეს ამ პრესტიჟული ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

„ისე ვითამაშებ, თითქოს პირველი წრის შეხვედრაა. ეს ნერვებს დამიმშვიდებს. ვფიქრობ, სასიამოვნო შეხვედრა და შესანიშნავი ფინალი იქნება“, - განაცხადა ალკარასმა, ვინც რუუდს ერთხელ, მარბელას (ესპანეთი) შარშანდელ ტურნირზე შეხვდა.

პირველ სეტში, ჯერ ჰურკაჩი დაწინაურდა, მაგრამ მერვე გეიმში ალკარასმა საპასუხო ბრეიკი აიღო. აქედან მოყოლებული, უპირატესობას ვერცერთმა მიაღწია და სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა. ამჯერადაც ჯერ ჰურკაჩი 5-3 დაწინაურდა, მაგრამ აქ ალკარასმა თამაშში გარდატერხა შეიტანა და ზედიზედ ოთხი ქულის აღებით, სეტში გამარჯვება მოიპოვა.

მეორე სეტში ქულა ქულაში წავიდა. 5-5-ზე პოლონელს ორი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ქულად ვერცერთი აქცია. გადამწყვეტ მომენტებში მან შეცდომები დაუშვა. საქმე ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა. ამჯერად ალკარასმა იოლად მიაღწია უპირატესობას და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

23 წლის რუუდმა პირველი სეტი, მეათე გეიმში მოპოვებული ბრეიკით მოიგო. ასევე 23 წლის ჩერუნდოლოსთვის, ვინც რეიტინგში 103 ადგილზე იყო (ახალ რეიტინგში 51-ე იქნება), ეს მასტერს 1000-ის სერიის პირველი ტურნირია და გამოუცდელობამ მის თამაშს დაღი დაატყო. ის მაშინ ანერვიულდა, როცა მეორე სეტის დასაწყისში ოთხი ბრეიკ პოინტი მიიღო. მეტოქემ ოთხივე მოიგერია და მეოთხე გეიმში თავად შეძლო მეტოქის მოწოდებაზე მოგება, რითაც 3-1 დაწინაურდა. რუუდმა გამარჯვების ქულა ეისით (მეექვსე შეხვედრაში) მოიპოვა და მასტერს 1000-ის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

0.111651