ფეხბურთი

14:55 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოყვარული ფეხბურთელების ახდენილი ოცნება - სამოყვარულო ლიგიდან გზა ევროტურნირებამდეც მიდის

მოყვარულთა ლიგის მე-7 სეზონი უკრაინისადმი სოლიდარობით დაიწყო. თბილისის ლიგა 1-ის პირველი შეხვედრა გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა სადაც ერთმანეთს დებიუტანტი „პანენკა“ და „ წინა გათამაშების გამარჯვებული „ბასა“ შეხვდნენ.

მატჩი „ბასას“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა. ანგარიში მეორე ნახევარში თორნიკე ბათირაშვილმა გახსნა. „პანენკადან“ გიორგი ენუქიძემ გათანაბრება მოახერხა, თუმცა, ედგარ კარაზიანმა მეორე ტაიმის მიწურულს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ბასას“ პირველი სამი ქულა მოუტანა. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის კართან სახიფატო მომენტები მრავლად შეიქმნა, მაგრამ მეკარეების კარგი თამაშის წყალობით, გლდანში შეკრებილმა მაყურებელმა მხოლოდ 3 გაშვებული გოლი იხილა. პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

მაყურებელი ვახსენეთ და სასიამოვნოა, როდესაც სამოყვარულო ლიგაზე ტრიბუნა გადავსებული იყო. გულშემატკივართა შორის გამოირჩეოდნენ ისინიც, ვინც საკუთარ გუნდს ბანერებითაც კი ამხნევებდა. ერთ-ერთ გოლს კი ტრიბუნაზე ლამაზი სანახაობაც მოჰყვა.

გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრას 2 ქართველი არბიტრი ქალი ემსახურებოდა. ისინი გვერდითი მსაჯის პოსტზე იყვნენ და მატჩის მსვლელობისას სოლიდურადაც გამოიყურებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ,,ბასამ“ და ,,პანენკამ“ გასული სეზონის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ახალ სეზონს ამბიციურად შეხვდნენ. „ბასამ“ შარშანდელ სეზონში 52 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი 8 ქულიანი სხვაობით მოიგო. ჩემპიონს ასევე შესანიშნავი ბურთების შეფარდება ჰქონდა, მათ 71 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 15 მიიღეს.

რაც შეეხება ,,პანენკას“, 2021 წლის სეზონში გუნდმა ლიგა 2-ის ,“ბ” ჯგუფში , „სნეპ- პრემიუმთან“ ერთად მოახერხა ლიგა 1-ის საგზურის მოპოვება. ამ გუნდის ფეხბურთელი ჯაბა ჯიბლაძე კი გასულ სეზონში თბილისის ლიგა -2 ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მიმდინარე სეზონში მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ – ვარკეთილის, გლდანის, ნუცუბის, ვაკის, ასევე საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ბაზა „ბასა“.

წინა სეზონებისგან განსხვავებით სიახლეა ის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ითამაშებს. გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული. აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება.

ყიფიანის თასის მატჩები აპრილში აიღებს სტარტს. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი – „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს სახელით კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. სამოყვარულო გუნდისთვის კი ეს ძალიან დიდი შანსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება და ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან ჩემპიონატის პარალელურად იმართება, 2021 წელს თასის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი საბურთალო გახდა.

რაც შეეხება უშუალოდ სამოყვარულო ლიგასა და მის ფორმატს, ჩემპიონატი თავდაპირველად მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მეტეოროლოგიური პრობლემების გამო 2022 წლის სეზონის დაწყება ერთი კვირით გადაიდო და გახსნითი მატჩი გუშინ ჩატარდა.

გასულ წელს მოყვარულთა ლიგაში 412 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 13 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა. წელს კი 15 000-მდე გაიზარდა. გამარჯვებული გუნდი, გარდა დავით ყიფიანის თასისა, ევროპის სამოყვარულო ტურნირზე, UEFA-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს. უშუალოთ თბილისის ლიგა 1-ში 20 გუნდი გამოდის.

გახსნითი მატჩის დასრულების შემდგომ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"სტარტი აიღო მოყვარულთა ლიგის 2022 წლის სეზონმა და დაიწყო თბილისის ლიგის გათამაშება. დებიუტანტ „პანენკასა“ და ჩემპიონატის გამარჯვებულ „ბასას“ შორის მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. წლევანდელი სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება, რადგან მასში მონაწილეობას 15 ათასამდე მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს. მათ შორის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 400-ზე მეტი სამოყვარუკლო გუნდია. ეს წელი გამორჩეულია იმ კუთხითაც, რომ ისტორიაში პირველად, გამარჯვებული გუნდი დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე მიიღებს მონაწილეობას. ასევე წელს იმართება ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი გამოვა. ველოდები საინტერესო სეზონს, რადგან ყველა გუნდი მომზადებული და მოტივირებულია. იმედი მაქვს, რომ ეს გათამაშება წარმატებული გამოვა", - თქვა ბერდია ჯიბლაძემ.

თამაში შეაფასა "პანენკას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაჭარაშვილმა. მისი თქმით გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დააფიქსიროს.

"ვეთამაშებოდით ჩემპიონ „ბასას“, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, რომ მაყურებელმა კარგი მატჩი იხილა. არცერთმა გუნდმა მცდელობა არ დავაკელით. ჩემპიონატი არის ზოგადად ძალიან სანახაობრივი, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებსა და ფეხბურთის ფედერაციასა და მის სრულფასოვან წევრ გაფა-ს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, პირველ ლიგაში თამაში, ამიტომ ვითამაშებთ იმას, რაც შეგვიძლია და მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ".

"ძალიან რთული თამაში იყო. ვფიქრობ, ორივე გუნდი იმსახურებდა კარგ შედეგს, მოწინააღმდეგემ ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ უფრო გაგვიმართლა. მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პირველი ტური ნამდვილად შედგა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის არის უდიდესი სიხარული, მით უმეტეს მეორე გოლი მე გავიტანე და ორმაგად გახარებული ვარ. მოყვარულთა ლიგა და ეს საფეხბურთო ტურნირი გვეხმარება ყველას, ვინც პროფესიულ ფეხბურთს დავანებეთ თავი, რომ შევინარჩუნოთ სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესი", - თქვა ედგარ კარაზიანმა, რომელმაც "ბასას" შემადგენლობაში პირველივე ტურში გადამწყვეტი და გამარჯვების გოლი გაიტანა.

მაშ ასე, სასიამოვნოდ სანახავი მატჩები, მაღალი ტემპი და უშეღავათო დაპირისპირებები. ფეხბურთელებმა, რომლებმაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს, თავიანთ ოცნებას სამოყვარულო ლიგაში იხდენენ. ასე რომ ჩაუჯექით და ისიამოვნეთ მასშტაბური ჩემპიონატით. რომელიც თბილისის გარდა 61 რეგონში ტარდება. და ვინ იცის, იქნებ ეს შენი შანსიცაა...

0.11346