კალათბურთი

11:36 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა - "ინდიანას" მოუგებელი სერია გაგრძელდა (+VIDEO)

„ინდიანა პეისერსის“ მოუგებელი სერია უკვე ექვს მატჩამდე გაგრრძელდა. რიკ კარლაილის გუნდი საშინელ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი სეზონი ჩააგდო. მიმდინარე რეგულარულ სეზონში „პეისერსზე“ ცუდი შედეგი მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს - აღმოსავლეთ კონფერენციაში „დეტროიტ პისტონსს“ და „ორლანდო მეჯიქს“, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში - „ოკლაჰომასა“ და „ჰიუსტონ როკეტსს“.

„ინდიანას“ ამერიკელი მწვრთნელისთვის დარჩენილი შეხვედრები მომდევნო სეზონის რეპეტიცია იქნება, სადაც გუნდის შეთამაშებაზე და შემადგენლობის გადალაგებაზე იფიქრებს.

სასიხარულოა ის, რომ სასტარტო ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა დღესაც ძირითად ხუთეულში დაიწყო. თუმცა, მანამდე მატჩის მიმდინარეობას გაგაცნობთ.

„სელტიკსმა“ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა და წინ 9 ქულით გაიჭრა. მომდევნო ორი მეოთხედი კარლაილის გუნდმა ჯერ 2, შემდეგ კი 4 ქულით მოიგო, მაგრამ სხვაობა ვერ აღმოფხვრა. ბოლო პერიოდი კი 32:32 დასრულდა და „ბოსტონმა“ მიჯრით 2 მარცხის შემდგომ 128:123 იმარჯვა.

აღსანშნავია ისიც, რომ მატჩის პირველი წამებიდან ბოლომდე „ინდიანა“ წინ ერთხელაც არ გასულა, ყველაზე დიდი შედეგი კი თანაბარი ანგარიში იყო, რომელიც მთელი მატჩის მიმდინარეობისას სულ 2-ჯერ დააფიქსირეს - 2:2-ზე და 11:11-ზე.

გოგამ 31:49 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. 22 წლის ქართველმა ცენტრმა 6 სროლიდან 4 ჩააგდო. მათ შორის 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო. ბითაძემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -2 ჰქონდა.

ქართელ კალათბურთელზე მაღალი შედეგი „ინდიანადან“ 3 მოთამაშეს: ჰალიბურტონს (30 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი), ოშეა ბრიშეტს (17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი) და ჯელენ სმიტს ჰქონდა (17 ქულა, 6 მოხსნა).

ყველაზე მეტი ქულა კი „ბოსტონიდან“ ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო. 25 წლის მცველის ანგარიშზე 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. ჯეისონ ტეიტუმს კი 31 ქულასთან ერთად 6-6 მოხსნა-პასი დაუგროვდა.

25 მოგებითა და 53 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 4 მატჩიც და ინდიანასთვის 2021-2022 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 3 აპრილს „დეტროიტ პისტონსთან“ ელის,

რაც შეეხება „ბოსტონ სელტიკსს“ მიჯრით 2 მარცხის შემდეგ მოიგო და 48 მოგების წილ 30 მარცხი დაუგროვდა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 3 აპრილს, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ჩაატარებს.

0.117195