კალათბურთი

10:45 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის სოლიდური დრო "ბაქსის" შემადგენლობაში - კლიპერსმა ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო (+VIDEO)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილს „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდი სახლში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ შეხვდა და 34-ქულიანი სხვაობით - 119:153 დამარცხდა.

ანგარიშიდან გამომდინარე ტეირონ ლუს გუნდს რეკორდული საღამო ჰქონდათ. მისმა გუნდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა სწორედ ამ შეხვედრაში ჩააგო, თუმცა საუბარია მხოლოდ რეგულარულ სეზონზე. ამაზე მეტი კი ერთადერთხელ 2020 წელს - პლეი ოფის მატჩში „დალას მავერიკსთან“ აქვს შესრულებული, როდესაც ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს 154-111 სძლიეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „კლიპერსმა“ რეგულარულ ჩემპიონატში 2019 წლის შემდეგ 150 ან მეტი ქულა პირველად ჩააგდო, როდესაც 3 სეზონის წინ, 1 დეკემბერს, „ვაშინგტონ ვიზარდს“ - 150:125 აჯობა.

გასული ტურის მატჩში ორივე გუნდმა დამატებით დრო ითამაშეს - „მილუოკიმ“ „ბრუკლინს“ 120:119 მოუგო, ხოლო „კლიპერსმა“ ჩიკაგოში 135:130 წააგო. ამ ორი შეხვედრიდან ერთადერთი დამწყები, ვინც პარასკევსაც იყო სასტარტო ხუთეულში ივიცა ზუბაჩი გამოდგა.

„კლიპერსმა“ გასვლითი მატჩები ამოწურა, დარჩენილ 4 შეხვედრას კი საკუთარ არენაზე ჩაატარებს.

რეკორდული საღამო ჰქონდა რობერტ კოვინგტონს. 31 წლის ფორვარდმა „ბაქსის“ წინააღმდეგ 45:33 წუთი ითამაშა, რა დროშიც კარიერის ყველაზე მაღალი შედეგი - 43 ქულა ჩააგდო. ამ მონაგარს მან 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მიამატა. რობერტმა 24-დან 15 სროლა ზუსტად გამოიყენა. 18-დან 11 სამქულიანი ჩააგდო და ამ მხრივაც რეკორდი დაამყარა. სამქულიანების გარდა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარომოც ჩააგდო. +- მაჩვენებელი +30 ჰქონდა.

კარგი შეხვედრა ჩაატარა ამირ კოფმაც. „კლიპერსის“ მცველმა 32 ქულასთან ერთად, 6 მოხსნას, 7 პასს და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი. +- მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალი, +41 გამოიმუშავა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მან „მილუოკის“ შემადგენლობაში ბოლოს 27 მარტს - „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ 4:27 წუთი ითამაშა“, დღეს კი პარკეტზე სოლიდური დრო გაატარა. ამაზე მეტი სათამაშო დრო ჩვენებურს ბოლოს 19 დეკემბერს - „კლივლენდ კავალიერსთან“ შეხვედრაში მიეცა, სეზონში კი მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა 22:47 წუთზე მეტი დროით.

22 წლის ფორვარდი სასტარტი ხუთეულში არ ყოფილა. მან 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 სროლა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 2 ორქულიანი და 2-სან 1 საჯარიმო. სანდრომ 1 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -20 ჰქონდა. მასზე მაღალი შედეგი „მილუოკის“ შემადგენლობაში 6 კალათბურთელს ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი „ბაქსიდან“ ჯორდან ნვორა იყო. 23 წლის ნიგერიელმა საკუთარ გუნდს 28 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა, თუმცა, მარცხისგან ვერ იხსნა.

აღნიშნულ შეხვედრა გამოტოვა იანის ანტეტოკუმპომ, სამაგიეროდ ითამაშა თანასის ანტეტოკუმპომ, რომელმაც 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგრროვა. ორმაგი დუბლით კი მხოლოდ ერთი კალათბურთელი - "კლიპერსის" გერმანელი ფორვარდი - ისაია ჰარტენშტეინი გამოირჩა. მას 14 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა.

"მილუოკი ბაქსს" 48 მოგების წილ 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სანდრო და თანაგუნდელები 3 აპრილს, შინ, "დალას მავერიქსთან" ჩაატარებენ. რაც შეეხება "კლიპერსს", "ლოს ანჯელესელებს" 38 მოგება და 40 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი უჭირავთ, 4 აპრილს კი "ნიუ ორლეან პელინკასს" შეხვდებიან.

0.111983