უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აიღო და ორი ქართველი მოჭიდავე ფინალშია.
პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ხუთ წონით კატეგორიაში ჩაერთვნენ, რის შედეგადაც ნუგზარ წურწუმიამ და ლერი აბულაძემ ფინალს უწიეს, ხოლო რობერტ კობლიაშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ თურქი ემრე მუტლუ (8:0) და მოლდოველი არტიომ დელეანუ (9:0) დაამარცხა, 2 აპრილს კი ფინალში აზერბაიჯანელ ელდანის აზიზლის შეხვდება.
63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძეც ფინალში გავიდა. მან უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (7:1) და გერმანიელი ეტიენ კინსინგერი (6:2) დაამარცხა. ლერი ფინაში აზერბაიჯანელ ფალავან ტალეჰ მამადოვს გაეჯიბრება.
87 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა ესტონელი რაიდო ლიიტმაე 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ტურპან ბისულტანოვთან წააგო. თუმცა, დანიელი ფინალში გავიდა და კობლიაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, რომლის პირველ წრეში შვეიცარიელ დამიან ვონს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ მირკო მინგუცის დაუპირისპირდება.
77 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბექა მამუკაშვილმა ბულგარელ აიკ მნაცაკანიანთან (1:7) და ასპარეზობა დაასრულა. ასევე უმედლოდ დარჩა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იაკობ ქაჯაია, რომელმაც პირველივე ბრძოლა გერმანელ ფრანც რიხტერთან 1:4 წააგო, მაგრამ გერმანელი ფინალში ვერ გავიდა და ქაჯაია მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, მანამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო (ზურაბ იაკობიშვილი), 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი) და 4 ბრინჯაო (ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი სულავა, ვლადიმერ გამყრელიძე, მირიან მაისურაძე).