ჩოგბურთი

16:57 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის ღიას ფინალში სვიატეკი და ოსაკა შეხვდებიან

მაიამის WTA 1000-ის სერიის ტურნირის ფინალში ერთმანეთს პოლონელი იგა სვიატეკი და იაპონელი ნაომი ოსაკა დაუპირისპირდებიან. სვიატეკმა ნახევარფინალში ამერიკელ ჯესიკა პეგულას 6-2, 7-5 მოუგო. ოსაკას კი შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის დასამარცხებლად სამი სეტი (4-6, 6-3, 6-4) დასჭირდა.

სვიატეკისთვის, ვინც ახალ რეიტინგში სათავეში გადაინაცვლებს, ეს ზედიზედ მოპოვებული მე-16 გამარჯვებაა. ამასთან, მან WTA 1000-ის სერიის ზედიზედ მესამე ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. წინა ორი დოჰას და ინდიან ველსის ტურნირები იყო, რომლებზეც ჩემპიონი გახდა.

სვიატეკმა პირველი სეტი იოლად მოიგო, მეორეში კი პეგულამ წინაღმდეგობა გაუწია. ამერიკელმა სეტის დასაწყისში ბრეიკს მიაღწია და სეტებში ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეათე გეიმში მან ორი მატჩ პოინტის მოგერიება შეძლო. თუმცა ორი გეიმის შემდეგ, სვიატეკმა მისი გატეხვა მაინც შეძლო.

2016 წლის შემდეგ, 21 წლის სვიატეკი პირველი ჩოგბურთელია, ვინც მიყოლებით ინდიან ველსის და მიამის ღიას ფინალში გასვლა შეძლო. მანამდე ბოლომ ეს ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ მოახერხა, ვინც ორივე ტურნირის ჩემპიონი გახდა.

სვიატეკი ოსაკას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2019 წლის ტორონტოს ტურნირზე დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.

„WTA-ს ტურზე ჩემი მეორე შეხვედრა მასთან (ოსაკასთან) მქონდა. ის მაშინ პირველი ჩოგანი იყო. ის თამაში წავაგე, მაგრამ დიდი შთაგონება მივიღე. ახლა სულ სხვა დონეზე ვარ. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება“, - ამბობს სვიატეკი.

ოსაკამ, ვისაც დიდი სლემის ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული, ოლიმპიურ ჩემპიონ ბენჩიჩთან შეხვედრაში 18 ეისი(!) მოაწოდა და მაიამის ღიას ფინალში პირველად გავიდა. ტურნირზე მან პირველად სეტი სწორედ შვეიცარიელთან დათმო.

„ის მოწოდებებს ძალიან კარგად ღებულობს. იყო მომენტები, როცა მეგონა, რომ კარგი მოწოდება შევასრულე, მაგრამ ის ამაზე ქულის აღებით მპასუხობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში დაძაბული ყოფნა მიწევდა. ყოველი ქულისთვის ისე ვიბრძოდი, თითქოს ის გადამწყვეტი იყო“, - ამბობს ოსაკა, ვინც WTA 1000 სერიის მეოთხე ფინალს ითამაშებს.

0.126692