სხვა

18:43 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეიან სტანოიევიჩი: "ბრეშა" ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და მათ წინააღმდეგ ყველაფერი გავაკეთეთ"

"დინამო თბილისი" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად იტალიურ ბრეშას შეხვდა და მე-11 მარცხი განიცადა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ლიდერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აღნიშნული შეხვედრა 16:8 დათმო.

მატჩის შემდგომ დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ვულოცავ "ბრეშას" გამარჯვებას. ეს გუნდი ყველას წინააღმდეგ დიდ სანახაობას დგამს, რაც შედეგშიც აისახა. "ბრეშა" ჩვენს ჯგუფში პირველ პოზიციაზეა და ვსაუბრობთ გუნდზე, რომელსაც რეალური შანსი აქვს, რომ ეს გათამაშება გამარჯვებით დაასრულოს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მეორე პერიოდის ბოლოს ანგარიში 7:5 იყო, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. თუმცა, მეტოქემ გამოცდილებისა და მაღალი კლასის ხარჯზე დარჩენილ დროში გვაჯობა. ამის შემდგომ გოლის გატანა ძალიან გაგვიჭირდა. "ბრეშა" საპასუხო შეტევებს კარგად იყენებდა და ამან საბოლოო შედეგიც განაპირობა. მიხარია, რომ აქ ვარ და მსგავსი დონის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მომავალში მათ ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ", - თქვა დეიან სტანოიევიჩმა.

გეტყვით, რომ "დინამოს" 11 მატჩიდან ყველა წაგება აქვს და შესაბამისად ბოლო პოზიციაზე იმყოფება. თბილისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, ისევ სტუმრად "ბარსელონეტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.113689