კალათბურთი

10:40 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - გოგამ "დენვერთან" ორმაგი დუბლი შეასრულა (+VIDEO)

გოგა ბითაძე ბოლო დროს შანსს კარგად იყენებს და მისი პროგრესი აშკარაა. გაზრდილ სათამაშო დროსთან ერთად ქართველი ცენტრი ძირითად ხუთეულშიც დამკვიდრდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ იქცა. ბოლო პერიოდში მას შედეგიანობა არ აკლია და გასულ მატჩში ორმაგი დუბლიც მიითვალა.

"ინდიანამ" მორიგი შეხვედრა შინ, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც სახელგანთქმული სერბი ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი ბობოქრობს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჯერ იყო და პირველ პერიოდში დენვერმა 28-ქულიანი ფორა შეიქმნა. „პეისერსმა“ მომდევნო ორი 12-წუთეული ამ სხვაობის აღმოფხვტრას მოანდომა,. ჯერ 38:26, ხოლო შემდეგ 38:22 იმარჯვა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში გაათანაბრა - 91:91. თამაშის დასრულებამდე 7:40 წუთით ადრე წინაც გაიჭრა - 102:100 თუმცა, ეს რიკ კარლაილის გუნდის მაქსიმუმი გამოდგა - საბოლოოდ 118:125 წააგო და მიჯრით მე-5 შეხვედრა დათმო.

სწორედ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან მოუწია ბითაძეს პაექრობა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობის დაფიქსირება. გოგამ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 14-დან 5 სროლა ზუსტად გამოიყენა, საიდანაც 5-დან 2 საქულიანი, 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს გაცილებით მაღალ შედეგს დააფიქსირებდა, ოდნავ ზუსტად რომ ესროლა. 22 წლის ცენტრმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი +10! ჰქონდა.

საინტერესო იყო მესამე პერიოდის შუაწელში ბითაძის იოკიჩზე დაფარება. მეორე ბლოკი ქართველმა ცენტრმა აარონ გორდონზე განახორციელა. ბითაძე ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, რაც მისადმი მწვრთნელის ნდობის გამოხატულების მყარი არგუმენტია.

გოგაზე მეტი ქულა "პეისერსში მხოლოდ ბადი ჰილდმა მოაგროვა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი იყო. საუკეთესოდ კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა. 22 წლის ამერიკელმა 15 ქულა, 12 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

გამარჯვებულთა შორის ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა. სერბმა ცენტრმა 37 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეასრულა. მას სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

25 მოგებითა და 52 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 5 მატჩიც და ინდიანასთვის 2021-2022 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს "მინესოტასთან" ელის, სადაც ქართველ ცენტრს NBA-ს კიდევ ერთი ტიტანი, კარლ-ენტონი თოუნსი ელოდება.

რაც შეეხება „დენვერ ნაგეტსს“, მაიკლ მელოუნის გუნდს მიჯრით 3 გამარჯვების შემდეგ 46 მოგების წილ 31 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს იოკიჩი და მისი თანაგუნდელები 2 აპრილს, შინ „მინესოტასთან“ ჩაატარებენ.

0.132641