საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გამოცდილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში ორგანიზებული თამაში კარგია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მოსაგებად მომენტების შექმნა აუცილებელია და გუნდმა ამ კუთხით მეტი უნდა იმუშაოს.
"დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ და უფრო გამბედავად უნდა ვთამაშობდეთ. თუ მომენტი ვერ შექმენი, თამაშს ვერ მოიგებ. ამიტომ, ცოტა მეტი გვმართებს. გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად იქნებიან ოფიციალური თამაშებისთვის. ძალას შეგვმატებენ და უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ ჩვენს თამაშში. დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და რამდენიმე დღე გვქონდა ძალების აღსადგენად.
მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ძალიან რთულია ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომ, ყველა მოთამაშე გვჭირდება და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება“, - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი კაშიას სიტყვებს.
საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).