ფეხბურთი

0:48 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნებიან, იბრაჰიმოვიჩი - არა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე არ ჩაივლის. პორტუგალიის ნაკრებმა იტალიის ნაკრებისგან განსხვავებით შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ წააგო და მუნდიალზე გავიდა.

ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კარისკენ 12-ჯერ დაარტყა და ორჯერ გაიტანა. ეს იმიტომ ვახსენეთ, რომ იტალიას მაკედონიელებთან 32 უშედეგო დარტყმა ჰქონდა. დუბლი გაიფორმა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელმაც პირველ და მეორე ტაიმში შეაგდო და პორტუგალიამ მშვიდად, 2:0 მოიგო, შედეგად მუნდიალზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

ამავე ანგარიშით პოლონეთის ნაკრებმა შვედეთს აჯობა. რობერტ ლევანდოვსკიმ და პიოტრ ზიელინსკიმ მეორე ნახევარში გაიტანეს და სკანდინავიელები მუნდიალს მიღმა დარჩნენ. ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი - არა.

ევროპის ზონიდან კიდევ ერთი მონაწილეა გასარკვევი და ეს ივნისში მოხდება, როცა პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინა შოტლანდიას შეხვდება, ხოლო გამარჯვებული ფინალში უელსს გაეჯიბრება. შესაბამისად, ამ სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის კატარს, გერმანიას, დანიას, ბრაზილიას, საფრანგეთს, ბელგიას, ხორვატიას, ესპანეთს, სერბეთს, ინგლისს, შვეიცარიას, ნიდერლანდებს, არგენტინას, ირანს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, საუდის არაბეთს, ეკვადორს, ურუგვაის, კანადას, განას, სენეგალს, პორტუგალიასა და პოლონეთს აქვთ მოპოვებული.

პოლონეთი - შვედეთი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (49), 2:0 ზიელინსკი (73)

პორტუგალია - ჩრდ. მაკედონია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (32), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (65)

0.123786