ფეხბურთი

0:10 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "გარკვეული მოთამაშეების გარეშე შედეგის მიღწევა ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით კმაყოფილია, რადგან გუნდმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნაშიც აჩვენა რწმენა და თავდაჯერება.

„ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.

როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ, ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე. ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება", - ციტირებს სანიოლის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).

0.103564