ფეხბურთი

21:58 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მოგებების სერია შეწყდა, წაუგებელი - გაგრძელდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 4-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა, მაგრამ სამაგიეროდ გაგრძელდა წაუგებელი (5 მატჩი) და გოლგაუშვებელი სერია - 405 წუთი.

ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, გადახალისებული შემადგენლობით და თამაში უგოლოდ დასრულდა.

უპირატესობას ალბანელები ფლობდნენ და რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებულად რეალური საგოლე მომენტები არც ედოარდო რეიას გუნდს შეუქმნია. საქართველოს მხრიდან ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის ბოლოს ზურიკო დავითაშვილს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, მაგრამ ორივემ ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილეს.

უნდა აღინიშნოს გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაში, რომელსაც ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ დაცვას კარგად უხელმძღვანელა და გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო. შედეგად, კარი მშრალად შეინახა. გავიხსენოთ, რომ სანიოლს გუნდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა, რამდენიმეც დაასვენა და შანსი ისეთ მოთამაშეებსაც მისცა, ვისაც თავის გამოჩენის შანსი ხშირად არ ეძლეოდათ.

საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).

ალბანეთი - საქართველო 0:0 (0:0)

ტირანა, „ეარ სთედიუმი“

ალბანეთი (3-5-2): სტრაკოშა; ისმაილი, კუმბულა, ჯიმსიტი; როში (ლენიანი 77), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ასლანი, რამადანი (გიასულა 65), ჰისაი; ბროია (ციკალეში 46), მანაი (ვრიონი 65)

მწვრთნელი: ედოარდო რეია

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია (კობახიძე 66), კაშია, დვალი; ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 83), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76); წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 83)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: ჩეკიჩი (29), ჰისაი (71) - ჩაბრაძე (30), კვირკველია (51), მამარდაშვილი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 5 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 8:2

მსაჯი: ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12228