ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ სამი ფეხბურთელი გამოაკლდა და სამივე ესპანური კლუბის წევრია.
თავდამსხმელი მირტო უზუნი („გრანადა“) და მცველი ივან ბალიუ („რაიო ვალეკანო“) კლუბებში დაბრუნდნენ. მხარეები თავიდანვე შეთანხმებული იყვნენ, რომ ისინი მხოლოდ ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებდნენ და შემდეგ კლუბებს შეუერთდებოდნენ.
ესპანეთთან სპარინგში ტრავმა მიიღო „ესპანიოლის“ ნახევარმცველმა კეიდი ბარემ, რომელიც ასევე არ ითამაშებს. სხვა მხრივ, ალბანელები საბრძოლო შემადგენლობით ემზადებიან.
ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც როგორც ვთქვით, ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.