იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერჯერობით რობერტო მანჩინი მუშაობას აგრძელებს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მომავლისთვის თავაწეულებმა უნდა იმუშაონ.
„ფეხბურთი ხანდახან შეიძლება ცხოვრების დაუნდობელი მეტაფორა იყოს გასულ ზაფხულს მწვერვალზე ვიყავით, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გამარჯვება მოვიპოვეთ. რამდენიმე საათის წინ კი ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მომენტში გავიღვიძეთ. სრული სიხარულიდან სრულ იმედგაცრუებამდე მივედით. ამასთან შეგუება ნამდვილად რთულია, მაგრამ ცხოვრებაში დამარცხების მიღება, ადამიანის და სპორტული ზრდის ჯანსაღი გზის ნაწილია.
ერთადერთი სწორი ნაბიჯი ახლა თავის აწევა და მომავლისთვის მუშაობაა. მადლობა პალერმოელ გულშემატკივრებს სითბოსთვის, რომელთა მუხტსა და სითბოს ყოველთვის ვგრძნობდით“, - დაწერა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ჩეხოსლოვაკიის, დანიისა და საბერძნეთის შემდეგ მეოთხე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა.