ფეხბურთი

3:21 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო 11 კაცით თავს იცავდა, წაგებას არ ვიმსახურებდით"

ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბულგარელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ 11 ფეხბურთელით დაცვაში მოთამაშე მეტოქისთვის გოლის გატანა ადვილი არ იყო.

„მხოლოდ იმის გამო ვწუხვარ, რომ ასეთი თამაშის მიუხედავად წავაგეთ, რადგან ვფიქრობთ, ბევრად უკეთესები ვიყავით. ახლა გავიგე, რომ სუფთა გოლი არ ჩაგვითვალეს. ფეხბურთელებით უკმაყოფილო არ ვარ, მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ საქართველო თავს 11 ფეხბურთელით იცავდა. თამაშს ერთი გოლი გახსნიდა, სამწუხაროდ, ორი 100%-იანი მომენტი ხელიდან გავუშვით, მაგრამ შედეგი ცუდია და ჩვენთვის მთავარი ეს არის.

ბოსნიის ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ შედეგია. არ ვფიქრობ, რომ წაგებას ვიმსახურებდით. ლუქსემბურგთან ბევრი რამ შეიცვლება, შანსს ახალი ფეხბურთელები მიიღებენ. სამწუხაროა, რომ დღეს ვერ მოვიგეთ, რადგან ეს გუნდის რწმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

არ ვეთანხმები შეფასებას, რომ თამაშის კუთხით არაფერი გაუმჯობესებულა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ბევრ რამეს შეცვლიდა. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, ამაზე არ გავჩერდებოდით, მაგრამ გოლი დაგვაკლდა. ისინი საჯარიმოში თავს 11 კაცით იცავდნენ და ასეთი დაცვის გარღვევა ადვილი არაა“, - თქვა პეტევმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, ბოლო სამ მატჩში კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.117499