ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების მარცხის შესახებ ისაუბრა. 75 წლის სპეციალისტი ფიქრობს, რომ იტალიაში პეპ გვარდიოლასა და ესპანური მოდელის გადაღებას ცდილობენ, რაც შეცდომაა.
როგორც მან თქვა, იტალია გერმანულ მოდელს უნდა მიჰყვეს და ის ზედმიწევნით დააკოპიროს.
„ჩვენი ფეხბურთის კრიზისში ყველა ჩართულია. მსაჯებიც, რომლებიც ყველაფერზე ჯარიმას ნიშნავენ. ჩვენ არ ვართ მიჩვეული კონტაქტურ თამაშს და ფიზიკურ ორთაბრძოლებს. შეგვიძლია ყველაფერი თავიდან თუკი მეტის გაკეთების სურვილი გვექნება. უკვე არიან მწვრთნელები, რომლებიც ფილოსოფიაც ცვლიან. მათ შორის „ჯენოას“ მწვრთნელი, რომელიც გერმანელია.
ჩვენი მახასიათებლებიდან გამომდინარე გერმანულ მოდელს უნდა მივყვეთ. ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც თამაშს გახსნიან და ამის სანაცვლოდ 15 წლის წინანდელ გვარდიოლას სტილს ვბაძავთ. ჩვენ ყოველთვის უკან პასით, მეკარეზე პასით ვთამაშობთ, ან გვერდით პასებით ვერტიკალური თამაშის გარეშე. ფიზიკურად ძლიერები არ ვართ, ორთაბრძოლებს ვერ ვიგებთ.
ჩვენ უნდა მივბაძოთ და მივყვეთ კლოპის მოდელს, გერმანული სტილის ფეხბურთს, რადგან იტალიაში არ არსებობს ესპანური მოდელისთვის მისაბაძი ტექნიკური ფეხბურთელები. ერთადერთი, ვინც იტალიაში გერმანული მოდელით თამაშობს „ატალანტაა“, მაღალი ტემპით. შეიძლება ვისაუბროთ ახალგაზრდულ სექტორებსა და სერია A-ში ბევრ უცხოელზე, მაგრამ ეს მენტალიტეტის პრობლემაა.
შეხედეთ, ოსიმენი, ლუკაკუ და აბრაჰამი სხვა ჩემპიონატებში უბრალოდ ჩვეულებრივი თავდამსხმელები იყვნენ, სერია A-ში კი ფენომენებად იქცნენ. ჩვენ საკუთარ თავს კითხვები უნდა დავუსვათ და გამოსავალი ვეძიოთ“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.