ფეხბურთი

18:11 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” და “საბურთალო” თანამშრომლობას შეუდგნენ

“საბურთალო” და “ვალენსია” ერთობლივ მუშაობას უკვე შეუდგნენ. ესპანელებმა საქართველოში გამოაგზავნეს წარმომადგენელი სერხიო ჩულვი, რომელიც თბილისში იცხოვრებს და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. დედაქალაქში იმყოფება “ვალენსიას” აკადემიის დირექტორი მარკო ოტერო, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე მოვლენებში.

დღეს, “საბურთალოს” დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ესპანელმა სტუმრებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ხელმძღვანელებმა აღნიშნულ პროექტსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს. გეტყვით, რომ მარკო ოტერო და სერხიო ჩულვი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დახმარებით ჩამოვიდნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, “საბურთალოს” დამფუძნებელი):

“ბედნიერი ვარ, რომ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის თანამშრომლობა დაიწყო. ეს არის, როგორც აკადემიების, ასევე კლუბებს შორის თანამშრომლობა. ვიცი, რომ “ვალენსიას”, განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. იმედია, ამ დიდ არმიას, მომავალში კიდევ ბევრი შეემატება. განვლილ წლებში ძლიერ და წარმატებულ კლუბებთან გვქონდა საქმიანი ურთიერთობა, რომლებისგანაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. ახლა არჩევანი “ვალენსიაზე” შევაჩერეთ, ესპანელები მრავალმხრივ გამოირჩევიან. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ფეხბურთისადმი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ვისარგებლებ შემთხვევით და “ვალენსიას” თითოეულ წარმომადგენელს მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ მათ არჩევანი “საბურთალოზე” გააკეთეს.

გეცოდინებათ, რომ გასული წლის ოქტომბერში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დახმარებით, “კოკა-კოლას” საერთაშორისო ტურნირი ჩავატარეთ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალშიც გავმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს, სადაც აუცილებლად ითამაშებენ “ვალენსიას” ასაკობრივი გუნდები. ფონდის დახამრებით გვინდა რეგიონებიდან ნიჭიერი ბავშვები ჩამოვიყვანოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ აღზრდა-განვითარებას. “ვალენსიასთან” ოფიციალურ თანამშრომლობამდე, “საბურთალომ” სერიოზული გამოცდა ჩააბარა. ესპანელები, რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში, ყველაფერი კარგად შეისწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. შეთანხმებისამებრ, მოხდება ჩვენი მწვრთნელებისა და მენეჯმენტის გადამზადება, ნიჭიერი და წარმატებული მოზარდი ფეხბურთელები ესპანეთში სტაჟირებაზე გაემგზავრებიან, ასევე განხორციელდება სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები”.

კახა კაშია (“საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორი):

“ჩვენი სტუმრები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფებიან, სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს. გუშინ, ჩვენს შეხვედრას “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე ესწრებოდა. ლევანი ნიჭიერი, ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელიც ბევრს შრომობს, სულ ძიებაშია, მუდმივად სწავლობს. კორღალიძე აქტიურად იყო ჩართული პროცესში, იყო აზრების გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. ვნახოთ, თუ მომავალში “საბურთალოს” დაჭირდება წერტილოვანი გაძლიერება, მზად არის “ვალენსია” დაგვეხმაროს კვალიფიციური ფეხბურთელებით. მარკო ოტერო “საბურთალოს” თითქმის ყველა თამაშს ადევნებს თვალს, იცის ჩვენი გუნდის სათამაშო სტილი, კარგად არის ინფორმირებული. “ვალენსიასთან” თანამშრომლობა ლევან სარალიძის მეშვეობით მოხერხდა. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ლევანი წლებია უკვე ესპანეთში ცხოვრობს. სწორედ, ლევან სარალიძის დამსახურებაა, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში თამაშობს. მან დიდი როლი ითამაშა გიორგის ესპანური კარიერის მოწყობაში”.

მარკო ოტერო (ვალენსიას” აკადემიის დირექტორი):

“დიდი პატივია ჩემთვის საქართველოში ყოფნა. “საბურთალო”, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობა პატარა ბავშვის აღზრდაზე, განსაკუთრებით ზრუნავს. “ვალენსია” 100 წლის მქონე კლუბია. გვინდა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და გვერდში დავუდგეთ “საბურთალოს”. გვურს, გავზარდოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში ითამაშებენ. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მესმის, რომ ყველა დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ ისინი ღირსეული ადამიანები იქნებიან. საქართველოში გამოვგზავნეთ “ვალენსიას” ერთ-ერთი საუკეთესო კადრი, რომელიც უკვე 10 წელია ჩვენს კლუბში მუშაობს. მისი საქმიანობის პერიოდში ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაზრდილა და მჯერა მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბავშვებს, მშობლებს, მწვრთნელებს, ყველას ექნებათ საშუალება, რომ “ვალენსიას” გამოცდილება გაიზიარონ. რამდენიმე წუთის წინ ხელმძღვანელებმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. ძალიან მომეწონა “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის მიდგომა ფეხბურთისადმი, მსჯელობა, ხედვა… სურს განვითარდეს და ყოველდღიურად მეტი და მეტი შეიძინოს. მთავარ გუნდს თუ დაჭირდება, რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება, ვიმსჯელებთ, ავწონ-დავწონით და ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ვინც “ვალენსიას” ძირითად გუნდში ვერ მოხვდება, შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს და დაეხმაროს გუნდს, როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე. დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ადგილს “ვალენსიაში”, კარი ყველასთვის ღიაა. ამავდროულად, საქართველოდანაც შეიძლება პირდაპირ “ლა ლიგა”-ში მოხვდე, ამის კარგი მაგალითი გიორგი მამარდაშვილია”.

სერხიო ჩულვი (“ვალენსიას” წარმომადგენელი “საბურთალოში”):

“მადლობა, რომ ამ პროექტში ჩართვისა და მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მოტივირებული ვარ. “საბურთალო” ახალგაზრდული, მაგრამ ტიტულოვანი და ტრადიციული კლუბია. მისასალმებელია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველო ძალიან კარგი და ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც შესანიშნავი კულტურა აქვს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ახლოს გავიცნობ, როგორც “საბურთალოს”, ასევე საქართველოს”.

saburtalo.ge

0.117157