გუშინ ჭეშმარიტად დიდი უბედურება დაატყდა თავს სრულიად იტალიას, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იტალიის საფეხბურთო ნაკრები ზედიზედ მეორედ ვერ ითამაშებს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ამბიციურ აპენინელთა გამაუბედურებელი, ამჯერად, ჩვენთვის კარგად და ასევე მწარედ ნაცნობი ჩრდილოეთ მაკედონია გამოდგა.
ეს ამბავი სრულიად იტალიას მეხივით დაეცა. გულნატკენთა შორის იყო, “სკუადრა აძურას“ ფეხბურთელის, მარკო ვერატის ცოლი, ჯესიკა აიდი, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა, რომ თუკი იტალიის ნაკრები შეძლებდა და ფლეი-ოფიდან მაინც გააღწევდა მუნდიალზე, სრულიად ორიგინალურ და სახალისო პერფორმანსს იკისრებდა.
სამწუხაროდ, ახლა ქალბატონ ჯესიკას აღარ ეპერფორმანსება და ისიც კი ვერ გავიგეთ, რა ჰქონდა ჩაფიქრებული. არადა, ისიც და მარკოც, შარშან ზაფხულში მშვენიერ ხასიათზე იყვნენ, როდესაც იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონობის შემდეგ იქორწინეს და ორი ბედნიერება ერთად იგემეს.