ფეხბურთი

0:40 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "უნდა გავაუმჯობესოთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა"

საქართველოს ნაკრები წლის პირველ შეხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს. მატჩამდე ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში საინტერესო მეტოქეები ჰყავს, რომლებიც იგივე დონის გუნდები არიან, რომლებიც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მათი მოწინააღმდეგეები იქნებიან.

"მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გავაუმჯობესოთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ.

მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს", - აღნიშნა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველო და ბოსნია აქამდე არასდროს შეხვედრიან. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს, ხოლო ბოსნიას პირიქით - წაგებული.

0.127645