მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ოლეკსანდრ უსიკმა უფლება მიიღო, დატოვოს ქვეყანა, რათა ყოფილ ჩემპიონთან, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის მზადება დაიწყოს.
35 წლის უსიკმა, ვინც კრეისერის წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია, სექტემბერში, ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონის სრულად შევსებული ტრიბუნის წინაშე, ჯოშუა დაამარცხა და IBF-ის, WBA-ის და WBO-ის საჩემპიონო სარტყლები ჩამოართვა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უსიკი კიევში დაბრუნდა და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს შეუერთდა. მაშინ მან განაცხადა, რომ არ იცის, როდის დაბრუნდება რინგზე.
უკრაინაში მოქმედი საომარი მდგომარეობის წესებით, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომელთა გაწვევაც შესაძლებელია, ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლება არ აქვთ. მაგრამ უსიკისთვის გამონაკლისი, უკრაინის სპორტის მინისტრმა დაუშვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება უსიკის და ჯოშუას რემატჩი. იესპიენი ვარაუდობს, რომ მას ზაფხულში დანიშნავენ.