ფეხბურთი

22:25 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რუსეთმა ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციას ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევრო 2028-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეს ინგლისმა, ჩრდილოეთ ირლანდიამ, ირლანდიამ, შოტლანდიამ და უელსმა, ხოლო ცალ-ცალკე თურქეთმა და რუსეთმა. ამგვარად, უეფას სამი არჩევანი ექნება: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ერთად, თურქეთი ან რუსეთი.

გარდა ამისა, ევრო 2032-ის მასპინძლობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული: ისევ თურქეთი და რუსეთი, ასევე იტალია. უეფა 2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებს 2023 წლის სექტემბერში დაასახელებს.

მოგეხსენებათ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები და კლუბები უეფამ და ფიფამ გაურკვეველი ვადით საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიცხა, მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირისთვის ეს პრობლემას როგორც არ წარმოადგენს და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას უმიზნებს, 2028 ან 2032 წელს.

აქვე ისიც დავაზუსტოთ, რომ მაგალითად, თუ თურქეთი ევრო 2028-ის მასპინძელი გახდება, ევრო 2032-ს ვერ უმასპინძლებს. უბრალოდ, თურქებმაც და რუსებმაც ორივე შემთხვევაში წარადგინეს განაცხადი იმ იმედით, რომ ერთ-ერთის მასპინძლობის უფლებას მაინც მიიღებენ.

0.105305