საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდში ჩაება და წარუმატებელი სტარტი აიღო.
ჯგუფში 4 გუნდია, რომლებიც ხორვატიაში ასპარეზობენ და სამი ტურის თავზე ერთი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. საქართველომ პირველ ტურში რუმინეთთან უშანსოდ, 1:5 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა.
რუმინელებმა ჯერ 2:0-ს იგებდნენ, მერე ტაიმი მათ სასარგებლოდ დასრულდა (3:1), ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო 44-ე წუთიდან გიორგი ჩხეტიანის გაძევების შედეგად კაცნაკლული თამაშობდა და სწორედ რიცხობრივ უმცირესობაში გაუშვა 3 გოლი. ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი აბუაშვილმა ლუკა წულუკიძის პასით გაიტანა.
ამავე ჯგუფში ხორვატიამ ისლანდიას 2:1 მოუგო და ჯგუფს რუმინეთთან ერთად ლიდერობს. მეორე ტურში 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება, ხოლო ასპარეზობას 29 მარტს, მასპინძელ ხორვატიასთან თამაშით დაასრულებს.
რუმინეთი - საქართველო 5:1 (3:1)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კეკელიძე 80), დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ჩხეტიანი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 62), აბუაშვილი (გოგნაძე 67), გ. მამაგეიშვილი (ბაგრატიონი 46), წულუკიძე (სიხარულაშვილი 67)
გოლები: 1:0 კირიცოიუ (11), 2:0 დენულიასე (31), 2:1 აბუაშვილი (39), 3:1პანტია (45, პენ), 4:1 ილიე (47), 5:1 რადასლავესკუ (60)
გაძევება: ჩხეტიანი (44)