ფეხბურთი

18:57 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს

რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსული ფეხბურთი ფიფამ და უეფამ გაურკვეველი ვადით თავიანთი რიგებიდან გარიცხეს, საერთაშორისო შეჯიბრებებს ნაკრებიც ჩამოაშორეს და კლუბებიც, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთში ეს დიდად არ ადარდებთ.

უფრო მეტიც, როგორც ვთქვით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავენ... რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ.

„რუსეთის ფედერაცია 2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს. ეს არ არის ხუმრობა. ჩვენთან ცხოვრება გრძელდება, ღია და მზად ვართ. ჩვენ ბევრ მაღალი დონის მატჩს უკვე ვუმასპინძლეთ და ისევ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. იქამდე დიდი დროა, სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერს შევისწავლით“, - თქვა საიმანოვმა.

აქვე გეტყვით, რომ ევრო 2028-ს დიდი ალბათობით დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, რუსების განზრახვაზე კი უეფაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

0.114694