ფეხბურთი

17:30 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი "დინამო ბათუმში" ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას საქართველოს ჩემპიონ „დინამო ბათუმში“ გააგრძელებენ.

ორივე ფეხბურთელი „რუბინისა“ და ტულის „არსენალის“ დატოვების შემდეგ მიმდინარე სეზონს საქართველოში დაასრულებენ და აჭარულ გუნდს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან. "დინამო ბათუმმა" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აშკარა მინიშნება, რომ გუნდს კვარაცხელია შეუერთდა.

მოგეხსენებათ, ფიფამ ლეგიონერებს რუსული კლუბების დატოვების შესაძლებლობა 7 აპრილამდე მისცა. ხვიჩაც და ზურიკოც ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად სარაევოში შეკრებაზე იმყოფებიან და ბათუმელებს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას „დინამო ბათუმში“ ტრანსფერზე „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა: „უეფამ მათ მისცა ეს შესაძლებლობა და შეუძლიათ გამოიყენონ. მოგვცა თუ არა ნაკრებიდან დაბრუნების პირობა? არა. ის ნაკრებში წავიდა, ამ თემაზე არც გვისაუბრია. ვაღიარებ, რომ ზოგადად ნებისმიერი ლეგიონერი შეიძლება არ დაბრუნდეს. ნებისმიერს შეუძლია 7 აპრილამდე წასვლა, უეფამ მათ ამის შესაძლებლობა მისცა“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წელს გადავიდა და 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 18-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. იმავე წელს „რუბინს“ ზურიკო დავითაშვილიც შეუერთდა, მაგრამ მას კლუბის დატოვება მოუწია და ჯერ იჯარით „როტორში“ თამაშობდა, ხოლო გასული წლიდან „არსენალის“ რიგებში ირიცხებოდა.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე რუსეთის ჩემპიონატი და კერძოდ „ურალი“, ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ დატოვეს.

0.113244