ჩოგბურთი

3:04 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ნეკნის ტრავმის გამო ექვს კვირას გამოტოვებს

რაფაელ ნადალს ნეკნის სტრესული მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც, ექვსი კვირა თამაშს ვერ შეძლებს. დიდი სლემის ტურნირების 21 ტიტულის მფლობელს, მკერდის არეში ტკივილები ინდიან ველსის ფინალური შეხვედრის დროს დაეწყო.

შინ დაბრუნებულმა ჩოგბურთელმა, ბარსელონაში თავის სამედიცინო გუნდს მიაკითხა, რომელმაც საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, მარცხენა მხარეს, მესამე ნეკნის სტრესული მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვა.

„მე ასეთ შედეგს არ ველოდი. ეს არაა კარგი ამბავი. ძალიან გაწბილებული ვარ. სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ, მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს კარგ ფორმაში ვხვდებოდი. საბრძოლო განწყობა ყოველთვის მქონდა და ბევრს ვიშრომებ, რომ სწრაფად გამოვჯანმრთელდე“, - განაცხადა ნადალმა.

ნადალმა ეს ტრავმა ფინალამდე, თინეიჯერ თანამემამულე კარლოს ალკარასთან შეხვედრისას მიიღო. ტკივილები კი ფინალის წინ გაუძლიერდა, თუმცა კორტზე მაინც გავიდა. იქ კი ასევე ტრავმირებული ამერიკელი ტეილორ ფრიცი დახვდა, რომელმაც ესპანელის 20-მოგებიანი სერია შეწყვიტა.

ექიმის თქმით, ნადალი კორტზე ოთხი-ექვსი კვირა ვერ გამოვა. ეს ნიშნავს, რომ ესპანელი ვერ ითამაშებს თიხნარის სეზონის პირველ მასტერსის ტურნირზე, რომელიც მონტე კარლოში გაიმართება. ასევე სათუოა მისი თამაში მადრიდის და რომის მასტერსებზე.

საფრანგეთის ღია პირველობა, რომელიც ნადალს 13-ჯერ აქვს მოგებული, 22 მაისს დაიწყება და სავარაუდოდ, ესპანელი მასზე თამაშს შეძლებს.

0.116806