ბელგრადში მიმდინარე, მძლეოსანთა დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, შვედმა არმანდ დუპლანტისმა, ჭოკით ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 6.20 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო. ეს ერთი სანტიმეტრით მეტია მისსავე წინა რეკორდზე, რომელიც ორი კვირის წინათ, ბელგრადშივე დაამყარა.
როგორც კი ორი მეტოქე - ამერიკელი კრის ნილსენი და ბრაზილიელი თიაგო ბრაზი ჩამოიცილა, დუპლანტისმა დაუყოვნებლივ შეუკვეთა რეკორდული სიმაღლე. ამერიკაში დაბადებულმა შვედმა ტრიუმფის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა მისი მიზანი, ღია არენების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაა. ეს ტურნირი შტატ ორეგონის ქალაქ იუჯინში, ივლისში გაიმართება.
„საწუწუნო არაფერი მაქვს, ორ კვირაში მსოფლიო რეკორდის ორჯერ დამყარება შევძელი. ზღვარი ცაა. კიდევ ერთი ტიტული, მსოფლიოს მორიგი რეკორდი - საკმაოდ კარგი დღე მქონდა. 6.20-ზე პირველად გადავხტი. ეს განსაკუთრებული მიღწევაა, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება“, - განაცხადა დუპლანტისმა.
60 მეტრზე თარჯრბენში, ამერიკელმა გრანტ ჰოლოვეიმ ფინიშს 7.29 წამში მიაღწია და თავისივე მსოფლიო რეკორდი (დახურული არენებისთვის) გაიმეორა. მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ღია არენაზე 110 მეტრზე თარჯრბენშიც ეკუთვნის.