ფეხბურთი

19:25 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლის" სატრანსფერო სიაში კვარაცხელია მოწინავეა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ნაპოლი“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ინსაიდერი, „სპორტიტალიას“ ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება.

როგორც ის ტვიტერში წერს, „ნაპოლის“ სატრანსფერო სიაში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სათავეშია. პედულას ცნობით, კვარაცხელიას ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა. მანამდე ისიც გახდა ცნობილი, რომ ხვიჩას აგენტები ნეაპოლში, კლუბის ბაზაზე შენიშნეს და მათ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს.

ამ დროისთვის იმის თქმა შეიძლება, რომ ქართველი ფეხბურთელი „რუბინში“ სანაკრებო პაუზის შემდეგ არ დაბრუნდება. ინფორმაციას რუსული მედიაც ადასტურებს, მაგრამ ჯერჯერობით, ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება.

მოგეხსენებათ, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების დროებით გაწყვეტა 7 აპრილამდე შეუძლიათ, ხოლო 30 ივნისს შემდეგ ხელშეკრულება ისევ ძალაში შევა.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 19 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბოლო პერიოდში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ყველაზე აქტიურად „ნაპოლის“ დაუკავშირეს, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ამ ტრანსფერზე არ გავრცელებულა.

0.113191