ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინში“ სავარაუდოდ აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ რუსული მედია აქტიურად წერს.
როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო. რუსულ პრესაში ფოტოც გავრცელდა, რომელშიც ხვიჩა სამი ჩემოდნით ჩანს და მათთვის ეს დამატებითი საბაბია - სანაკრებო პაუზაზე ამოდენა ბარგით რა უნდაო...
„ხვიჩა ნაკრებში წავიდა. დაბრუნდება თუ არა ის კლუბში, ამას გავიგებთ, როცა ეროვნული ნაკრების მატჩები დასრულდება. ოჯახზე მუქარა? ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადეს Sport-express-ს „რუბინის“ პრესსამსახურში.
მოგეხსენებათ, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების დროებით გაწყვეტა 7 აპრილამდე შეუძლიათ, ხოლო 30 ივნისს შემდეგ ხელშეკრულება ისევ ძალაში შევა.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 19 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბოლო პერიოდში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ყველაზე აქტიურად „ნაპოლის“ დაუკავშირეს, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ამ ტრანსფერზე არ გავრცელებულა.