მძლეოსანთა დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბელგრადში მიმდინარეობს, ვენესუელელმა იულიმარ როხასმა სამხტომში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.
ოლიმიური ჩემპიონი 15.74 მეტრზე გადახტა და 7 სანტიმეტრით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე, შარშან დაამყარა. დახურული არენების ძველი რეკორდიც (15.43 მეტრი) მასვე ეკუთვნოდა და ისიც შარშან აქვს დამყარებული.
როხასი ბელგრადში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში, ის 15 მეტრზე შორს ოთხჯერ გადახტა. რეკორდი კი მეექვსე ცდაზე დაამყარა. მეორე ადგილი უკრაინელმა მარინა ბეხ-რომანჩუკმა (14.74 მეტრი) დაიკავა, მესამეზე კი იამაიკელი კიმბერლი უილიამსი (14.62 მეტრი) გავიდა.
როხასმა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და მას შემდეგ, ყველაფერს იგებს, სადაც ასპარეზობს. მას შემდეგ, ღია არენებზე მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ გახდა, ღია არენებზე კი ეს მისი მესამე ოქროს მედალია. მას ნათქვამი აქვს, რომ მიზნად 16 მეტრზე შორს გადახტომას ისახავს.
ბელგრადშივე, 60 მეტრზე სპრინტში გამარჯვება იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მარსელ ჯეკობსმა მოიპოვა, ვინც ფინიშს 6.41 წამში მიაღწია და 0.003 წამით აჯობა აწ უკვე ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ კრისტიან კოულმენს. მესამე ადგილზეც ამერიკელი - მერვინ ბრეისი (6.44) გავიდა.