ფეხბურთი

2:06 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის საშიში "ბარსელონა!"

ჩავიმ ლა ლიგაში სადებიუტო „ელ კლასიკო“ მოიგო და ისე მოიგო, რომ უკეთეს სცენარს ალბათ ვერც წარმოიდგენდა. „ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ ცალსახად დაჯაბნა და 4:0 გაანადგურა. მიმდინარე სეზონში ასეთი მძლავრი და უშეცდომო „ბარსა“ ძნელი გასახსენებელია, „რეალი“ კი ასეთი სუსტი.

ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს, „ბარსა“ ყველაფერში უკეთესი იყო და შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო. თუმცა, არც 4:0-ით უნდა იყოს უკმაყოფილო. კატალონელთა ყველა ფეხბურთელმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განსაკუთრებით, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, თან ქუსლით. გაბონელმა „რეალს“ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაუტანა, რაც 21-ე საუკუნეში პირველმა გააკეთა. მან პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისში, 53-ე წუთზე კი მასპინძელთა რბევას წერტილი დაუსვა. შუაში იყო რონალდ არაუხოსა და ფერან ტორესის გოლებით. ორი საგოლე პასით გამოირჩა პირველ ტაიმში უსმან დემბელე და მადრიდში, 21-ე საუკუნეში 2 საგოლე გადაცემა პირველ ნახევარში მანამდე მხოლოდ ჩავის ჰქონდა მითვლილი.

რა უნდა ვთქვათ? „ბარსელონას“ ლა ლიგაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 დეკემბრის შემდეგ) და „რეალთან“ ჩამორჩენა ჯერ კიდევ დიდია (12 ქულა), მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. შესაძლოა, კატალონურმა გრანდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლოს, მაგრამ ორი აზრი არაა, რომ ჩავის „ბარსელონა“ მომავალში ბევრს სერიოზულ შიშს მოჰგვრის.

„რეალი“ – „ბარსელონა“ 0:4 (0:2)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (დიასი 46), მილიტაო, ალაბა, ნაჩო (ლუკას ვასკესი 63); მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კამავინგა 46); ვალვერდე, როდრიგო (ასენსიო 63), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, გარსია, ალბა (დანი ალვეში 86); ფ. დე იონგი (გავი 71), ბუსკეტსი, პედრი (ნიკო 88); დემბელე (ტრაორე 80), ობამეიანგი (დეპაი 71), ტორესი

მწვრთნელი: ჩავი

გოლები: 0:1 ობამეიანგი (29), 0:2 არაუხო (38), 0:3 ტორესი (47), 0:4 ობამეიანგი (53)

გაფრთხილება: კროოსი (22), მოდრიჩი (63), კამავინგა (82), ლუკას ვასკესი (88) - ფ. დე იონგი (26), ბუსკეტსი (31), ალბა (74), ნიკო (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 18 (10) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ხოსე მუნუერა

0.137233