ავტოსპორტი

23:23 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა გაიმარჯვა, „რედ ბული“ უქულოდ დარჩა

შარლ ლეკლერმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო, მან და კარლოს საინსმა „ფერარის“ დუბლით მოაგებინეს. და რაც მთავარია, მონაკოელმა მოქმედ ჩემპიონთან უშუალო ბრძოლაში დაამტკიცა, რომ ის და „ფერარი“ ტიტულისთვის საბრძოლველად არიან მომართულნი.

„რედ ბულმა“ კი პირველივე რბოლა ნულით დაასრულა - მაქს ფერსტაპენი და სერხიო პერესი, ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ და ორივე შემთხვევაში, ამის მიზეზი, ძალური დანადგარი გახდა. სეზონი გრძელია და ხარები ჩამორჩენის აღმოფხვრას ალბათ შეძლებენ, მაგრამ ბაჰრეინში დაკარგული ქულები, მათ ჩემპიონატის ბოლოს აუცილებლად გაახსენდებათ.

რაც შეეხება „მერსედესს“, გერმანული გუნდისთვის ახალი სეზონი პრობლემებით დაიწყო. თუმცა ხარების წარუმატებლობამ, ლუის ჰამილტონს კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება მისცა. ეს კი, იმ დროს, როდესაც W13 კონკურენტუნარიანობით ვერ დაიკვეხნის, სოლიდური საჩუქარია, რომელიც სამქიმიანებს შეიძლება ჩემპიონატის ბოლოს გამოადგეთ.

ლეკლერმა რბოლა პოულიდან დაიწყო, სტარტზევე დაწინაურდა და რბოლის დიდი ნაწილი, პოულზე გაატარა. თუმცა მე-17 წრიდან სამი წრის განმავლობაში, ფერსტაპენთან უშეღავათო ბრძოლა გადახდა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩემპიონის სამ წარმატებულ მანევრს, სამჯერვე ლიდერობის დაბრუნებით უპასუხა. ეს იყო მომენტი, რომლის დროსაც ლეკლერმა დაამტკიცა, რომ ამ სეზონში ის და „ფერარი“ მთავარი ძალა იქნებიან.

„ფერარი“, მატია ბინოტო, მარანელო და მთელი იტალია, „ფერარის“ მსოფლიო ფანობა ეიფორიაშია. ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, წითლები ისევ მოწინავეთა შორის არიან და სეზონს ლიდერის რანგში იწყებენ. ძნელი წარმოსადგენია, მათ მეტოქეებს რამე იოლად დაუთმონ.

რაც შეეხება „რედ ბულს“, ფერსტაპენი ბოლო 15 წრეზე საჭესთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩიოდა. მერე ძალური დანადგარიც გაფუჭდა. ეს იმ დროს, როცა ფინიშამდე 3 წრეღა რჩებოდა. კიდევ ორი წრე და იმავე პრობლემამ პერესიც გააჩერა. ასეთ ცუდ დასაწყისს ხარები ვერაფრით წარმოიდგენდნენ. დაკარგული ქულებიც რომ არა, ძრავების ლიმიტის სწრაფად ამოწურვა, მათ სეზონის მეორე ნახევარში ცუდ სამსახურს გაუწევს.

„მერსედესი“ კი იმედოვნებს, რომ ოთხი რბოლის შემდეგ, პრობლემებს მოაგვარებენ და იქ დაბრუნდებიან, სადაც წინა რვა სეზონი გაატარეს. ბაჰრეინში მოპოვებულ დაუგეგმავ ქულებს კი ისინი სეზონის ბოლოს დაითვლიან...

უსამართლობა იქნება, რომ არ ვახსენოთ „ჰაასის“ და „ალფა რომეოს“ მიერ სეზონის კარგად დაწყება. კევინ მაგნუსენმა, ვინც ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღითადრე დააბრუნეს ფორმულა 1-ში, მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც „ჰაასისთვის“ ალბათ გამრჯვების ტოლფასია. ვალტერი ბოტასმა კი „ალფა რომეოში“ დებიუტი მეექვსე ადგილით აღნიშნა. იტალიური გუნდის ჩინელმა ახალბედამ გუანიუ ჟოუმ პირველივე რბოლაში მოიპოვა ქულა.

საერთო ჯამში, „ჰაასის“ და „ალფა რომეოს“ წარმატებულ რბოლაში, დიდია „ფერარის“ ძალური დანადგარის წვლილი, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ამ აგრეგატს ამჟამად პელოტონში ბადალი არ მოეპოვება. ახლა მთავარი კითხვა იმას ეხება, თუ რამდენად გამძლეა იტალიური ძრავი.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412კმ, 57 წრე)

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:37'33.584
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 5.598
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 9.675
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 11.211
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 14.754
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 16.119
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 19.423
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 20.386
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 22.390
  10. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 23.064
  11. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 32.574
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 45.873
  13. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 53.932
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 54.975
  15. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 56.335
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'01.795
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'03.829
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1 წრე
  19. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 3 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 13 წრე
0.157919