ფეხბურთი

23:17 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომაული დერბი "რომას" დომინირებით, "იუვენტუსი" "ინტერს" მიუახლოვდა

იტალიის სერია A-ს XXX ტურის ცენტრალური მატჩი რომში შედგა, სადაც „დერბი დელა კაპიტალეში“ „რომამ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა მაურიციო სარის შეგირდები ძალიან დაჩაგრეს და პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - 3:0. ანგარიში მეორე წუთზე ტამი აბრაჰმმა გახსნა, რომელმაც სულ მალე დუბლი შეასრულა, ხოლო სტუმართა კარში მესამე გოლი ლორენცო პელეგრინიმ ჯარიმით გაიტანა. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „რომამ“ დერბიში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც 51 ქულა დააგროვა, სწორედ „ლაციოს“ გადაასწრო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ოთხეულამდე ჯერ კიდევ 8 ქულა აშორებს, რადგან მეოთხე პოზიციას „იუვენტუსი“ მყარად ამაგრებს.

ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკოს შემდეგ აუტსაიდერ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ფსიქოლოგიურად რთული მომენტის მიუხედავად, 3 ქულა იოლად მოიპოვა. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი საწყის წუთებში გაირკვა. მეხუთე წუთზე პაულო დიბალამ გაიტანა, ხოლო მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში დუშან ვლაჰოვიჩმა და 2:0. „იუვეს“ 16 ტურია სერია A-ში არ წაუგია და 59 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ტურინული გრანდი „ინტერთან“ ერთადერთ ქულას აგებს, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში კი, სანაკრებო პაუზის შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ სწორედ დიდი იტალიური დერბია - „იუვენტუსი“ „ინტერის“ წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ სერია A-ს „მილანი“ 66 ქულით ლიდერობს, მას კვალში „ნაპოლი“ 63 ქულით უდგას.

„ვენეცია“ – „სამპდორია“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კაპუტო (24), 0:2 კაპუტო (38)

„ემპოლი“ – „ვერონა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დი ფრანჩესკო (26), 1:1 კანჩელიერი (72)

„იუვენტუსი“ – „სალერნიტანა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 ვლაჰოვიჩი (29)

„რომა“ – „ლაციო“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 აბრაჰამი (1), 2:0 აბრაჰამი (22), 3:0 პელეგრინი (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11252