იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „მილანმა“ მოქმედ ჩემპიონ „ინტერთან“ უპირატესობა გაზარდა და სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. უფრო სწორად, „ნერაძური“ დაშორდა ჩემპიონობას, რადგან სიმონე ინძაგის გუნდი აშკარა კრიზისშია.
„ინტერმა“ ბოლო 7 ტურში მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და აშკარაა, რომ გუნდის სათამაშო მექანიზმი მოიშალა. შავ-ლურჯებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ ვერ მოუგეს, უფრო მეტიც, წაგებასთან ახლოს იყვნენ. ფლორენციელები ლუკას ტორეირამ დააწინაურა, რასაც მალევე დენზელ დუმფრისმა უპასუხა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და ფრე მთლიანობაში ლოგიკური შედეგი იყო. „ინტერს“ 60 ქულა აქვს და „მილანს“ 6, ხოლო „ნაპოლის“ 3 ქულით ჩამორჩება, „იუვენტუსი“ კი ამ ტურის მატჩს თუ მოიგებს, მილანურ გრანდს ერთადერთ ქულაში მიუახლოვდება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ „ნერაძურს“ თამაში კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„მილანმა“ იდეალურად ისარგებლა თანაქალაქელის მორიგი წაფორხილებით და სტუმრად „კალიარის“ აჯობა. სტეფანო პიოლის გუნდს 3 ქულისთვის ისმაელ ბენასერის ერთადერთი გოლი ეყო. სხვათა შორის, „როსონერიმ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და სამჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 1:0. თუმცა, სეზონის ფინალურ სტადიაზე მთავარი მხოლოდ შედეგია და ამ მხრივ „მილანს“ არაფერი დაეწუნება.
მოიგო „ნაპოლიმაც“, რომელიც აგრძელებს სკუდეტოსკენ სვლას. ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ „უდინეზესთან“ პირველი ტაიმის მერე აგებდა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის შეჩერება შეუძლებელი გახდა. ნიგერიელმა ფორვარდმა, როგორც წინა ტურში, ახლაც დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. „ნაპოლი“ 63 ქულით მეორე ადგილზეა და ნათელია, რომ ნანატრი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ნაპოლი“ – „უდინეზე“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 დეულოფეუ (22), 1:1 ოსიმენი (52), 2:1 ოსიმენი (63)
„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ტორეირა (50), 1:1 დუმფრისი (55)
„კალიარი“ – „მილანი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბენასერი (59)