რაგბი

16:53 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "გულდასაწყვეტია, რომ არცერთ გულშემატკივარს ხაზის კარგი თამაშისთვის არ შევუქივართ"

რაგბი ევროპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. ორივე გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის იბრძვიან. შეხვედრის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ძალიან პრინციპული თამაში იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც და ესპანეთიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ვართ, ძალიან პრინციპული თამაშია. რაც შეგვეძლო, ყველანაირად მოვემზადეთ და ყველა სცენარი განვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოედანი სველი იქნება, ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა და ვიმედოვნებ, რომ თასს ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ზედიზედ მეათედ ავწევთ.

პორტუგალიასთან ყველამ იცის, რომ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ვითამაშეთ. შემდეგ რუსეთთან თამაში ჩაიშალა და 4 ქულა მოგვენიჭა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გვეთამაშა, 5 ქულას ავიღებდით, მაგრამ რაც, არის, ესაა. წელს გამოჩნდა ესპანეთი, რომელსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, არაერთი ლეგიონერი ჰყავთ, რომლებმაც ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგეს და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა და მზად ვართ.

რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ შერკინებაში კარგი ვართ, მაგრამ ბურთით ვერ ვთამაშობთ, ვერ ვბურთაობთ. რუმინეთთან ისე მოხდა, რომ შერკინებაში გვაჯობეს, ერთი კომენტარიც არ წამიკითხავს, სადაც ხაზი შეაქეს, რაც გულდასაწყვეტია. დასანანია, რომ ხაზის კარგი თამაშისთვის არავის ხაზი არ გაუსვია და მოვუწოდებ რაგბის გულშემატკივრებს, რომ ობიექტურები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან შერკინების თამაშს გამოვასწორებთ“, - თქვა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ ესპანეთს 17, ხოლო საქართველოს 15 ქულა აქვს. ამიტომაც, ლევან მაისაშვილის გუნდს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

0.134784