როგორც ლევ ტოლსტოი ამბობს: “რუსეთი საშინელი და მომაჯადოვებელი ქვეყანაა“. ამ ქვეყნის მართლაც რომ საშინელ და საზარელ წარსულსა და აწმყოს თვალნათლივ ვხედავთ და როგორც ჩანს, რუსეთს მართლა რაღაც ჯადო აქვს, რომელიც კაცს აბეჩავებს, ტვინს აცლის და ისეთივე ზომბებად აქცევს, როგორიც ყველა ის ადამიანია, ვინც ვლადიმერ პუტინს ერთხელ მაინც მისცა ხმა რუსეთის საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე.
“რუსული ჯადოს“ ძალა და უნარი სულ ახლახანს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფიფა-უეფას და სპორტის მრავალი სახეობის ფედერაციების მიერ დაწესებული არაერთი სანქციის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა რატომღაც უარი თქვეს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტაზე და გააგრძელეს ასპარეზობა იქ, სადაც თამაში კი არა, სულ მალე ცხოვრებაც კი შეუძლებელი გახდება.
არადა, მსოფლიოს სპორტული საზოგადოება შეთანხმდა, რომ ფაშიზმის გზაზე შემდგარი რუსეთის დამტოვებელ უცხოელ სპორტსმენებს დაეხმარებიან კარგ ევროპულ გუნდებში გადასვლაში და ეს ბევრი მოთამაშისთვის შესაძლოა სრულიად ახალი შანსიც კი იყოს. რუსეთის იმპერიული მიზნების ასე ღიად და საშინლად გამოხატვის შემდეგ, კორუმპირებული და ათას სკანდალში გახვეული ფიფა-უეფაც კი მთლიანად გადაეწყო სისტემაზე, სადაც რუსეთის ადგილი უბრალოდ აღარაა და მე თუ მკითხავთ, აქამდეც არ უნდა ყოფილიყო.
ეს არაა შემთხვევა, როდესაც სპორტსმენს საფიქრებელი აქვს და რთული არჩევანის გაკეთება უწევს. ადამიანს უბრალოდ ტვინის ის ნაწილი არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული, რომელიც ღირსებასა და სინდისზეა პასუხისმგებელი და სხვების “დაუხმარებლადაც“ უნდა ხვდებოდეს, რომ ახლა რუსეთში უდრტვინველად ოფლის ღვრა, გარდა იმისა, რომ ამორალურია, ფინანსურადაც აღარაა გამართლებული.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე რუსულ საფეხბურთო კლუბს უბრალოდ აღარ შეუძლია ხელფასების გადახდა, რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატიდან ლეგიონერების გადინებამ კი, შეიძლება საერთოდ გააჩეროს ეს ტურნირი. აღარაფერს ვამბობთ რუსი სპორტსმენების ბედზე, რომლებიც პუტინის რეჟიმმა ჯერ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე შეარცხვინა, როდესაც ლამის ყველა სპორტსმენი დოპინგზე “შესვა“ და ამის გამო მესამე წელია რუსული დელეგაციები ოლიმპიადაზე რუსეთის სახელითაც კი ვერ გამოდიან და ახლა ხომ საერთოდ მოესპოთ უცხოურ შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალება.
ამ რეალობაში რაღა აზრი აქვს რუსეთში სპორტსმენობას? ვის უნდა შეეჯიბრონ რუსული კლუბები და რუსი სპორტსმენები? დანგრეულ სირიას? დაქცეულ ვენესუელას? ნაურუს? თუ არაღიარებულ აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკებს? ძალიან მეეჭვება ასეთი მომავალი და ამგვარი აწმყო წარმოედგინათ მათ, ვისაც რუსულ სპორტზე გული შეტკივა, თუკი კიდევ დარჩნენ ასეთი ადამიანები.
დარწმუნებული ვარ, მალე რუსეთში დარჩენილ ქართველ სპორტსმენებსაც “აეხილებათ თვალი“ როდესაც ნახავენ, რომ უბრალოდ ხელფასის აღებაც კი პრობლემა იქნება. არაა გამორიცხული, უცხოელი სპორტსმენები თავად რუსებმა გამოაბრძანონ იქიდან და არც ის გამიკვირდება, მალე რუსეთის შიდა ტურნირების ჩატარებაც თუ შეუძლებელი გახდება.
ჰოდა, როდესაც ეს ადამიანები საქართველოში კუდამოძუებული ჩამოვლენ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გაუსწორებენ თვალს თანამემამულეებს, რომლებიც ერთ დროს მათი ქომაგები იყვნენ და რომლებიც რუსულ რუბლებზე გაცვალეს. აი იმ რუსულ რუბლებზე, სულ მალე (ღმერთმა ქნას) კუპონის ფასი რომ დაედება...