ფეხბურთი

2:40 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი იარმოლენკომ "ვესტ ჰემი" ევროთასის 1/4-ფინალში 41-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეოთხედფინალისტები ევროპა ლიგაზეც გამოვლინდნენ, რომლის მერვედფინალურ სტადიას დაძაბული და დრამატული დასასრული ჰქონდა, რადგან ორი მატჩის ბედი დამატებით დროში გაირკვა.

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ 41-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა ევროთასის მეოთხედფინალში გასვლა. ინგლისურმა გუნდმა მერვედფინალიდან ევროპა ლიგის 5-გზის ტრიუმფატორი „სევილია“ გააგდო, არადა ესპანელებს შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული. საპასუხო მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ტომაშ სოუჩეკმა 39-ე წუთზე გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ყველაფერი გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 112-ე წუთზე ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა! უკრაინელი ფეხბურთელის გოლით „ვესტ ჰემი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია. ბოლოს, „ჩაქუჩები“ ასე შორს 1981 წელს გავიდნენ, როცა თასების თასის მეოთხედფინალში „დინამო თბილისთან“ წააგეს (1:4, 1:0)...

დამატებით დროში გადაწყდა „აინტრახტი“ „ბეტისის“ შეხვედრის ბედი. გერმანელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს, შინ კი 90 წუთში 0:1 წააგეს, მაგრამ დამატებით დროში მარტინ ჰინტერეგერმა ზედ პენალტების სერიის წინ, 121-ე წუთზე გაიტანა და გერმანული გუნდი მეოთხედფინალშია. ამრიგად, ორივე სევილიური გუნდი ასპარეზობას დამატებით დროში გამოეთიშა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის ფინალი მასპინძლის გარეშე დარჩა, რადგან მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის ფინალი სევილიაში გაიმართება. სხვათა შორის, გავიხსენოთ ისიც, რომ სევილიამ მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში 2 წლის წინ თბილისს აჯობა.

„ლიონმა“ „პორტუსთან“ სტუმრად მოპოვებული უპირატესობა (1:0), შინ შეინარჩუნა (1:1) და ფრანგული გუნდი მომდევნო ეტაპზეა.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალი ასე დაკომპლექტდა: „ლიონი“ (საფრანგეთი), „ლაიფციგი“ (გერმანია), „ბრაგა“ (პორტუგალია), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ატალანტა“ (იტალია), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „აინტრახტი“ (გერმანია), „ვესტ ჰემი“ (ინგლისი).

კონფერენს ლიგაზე „რომა“ პრობლემებს ტამი აბრაჰამმა აარიდა. იტალიურ კლუბს არნემის „ვიტესთან“ სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ შინ ამავე ანგარიშით აგებდა და ინგლისელმა ფორვარდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა, შედეგად დამატებითი დრო არ დაინიშნა და „რომა“ მეოთხედფინალში გავიდა. როტერდამის „ფეიენოორდმა“ „პარტიზანს“ 3:1 აჯობა, ხოლო ორი მატჩის ჯამში კიდევ უფრო იოლად, 8:3 დაამარცხა. ასპარეზობას გამოეთიშა ბელგიური „გენტი“, რომელმაც პაოკ-თან შინ 1:2 და ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგო. ავსტრიულმა „ლასკმა“ საკუთარ მოედანზე „სლავია“ 4:3 კი დაამარცხა, მაგრამ მთლიანობაში ჩეხებმა 7:5 იმარჯვეს და ასპარეზობას გააგრძელებენ.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალისტთა სრული შემადგენლობა ასეთია: „რომა“ (იტალია), „სლავია“ (ჩეხეთი), „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები), პაოკ (საბერძნეთი), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „მარსელი“ (საფრანგეთი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), „ლესტერი“ (ინგლისი).

როგორც ევროპა ლიგის, ისე კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპისა და წინსწრებით ნახევარფინალური სტადიის წილისყრა 18 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118388